მედია: სიკვდილის სერიები გრძელდება – რუსეთში ბიზნესმენები, მენეჯერები და ჩინოვნიკები კვლავ იდუმალებით უჩინარდებიან

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსულ კერძო თუ საჯარო ელიტაში იდუმალებით მოცული თვითმკვლელობები და სიკვდილიანობა გრძელდება. ამჯერად კვიპროსში კომპანია „ურალკალის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, 53 წლის ვლადისლავ ბაუმგერტნერი გაუჩინარდა, რომელსაც 7 იანვრის შემდეგ ეძებენ. ინფორმაციას meduza ავრცელებს.

ბოლოს ის ლიმასოლში ნახეს, სადაც თავის საცხოვრებელ სახლს ტოვებდა.

ვლადისლავ ბაუმგერტნერი „ურალკალს“ 2003-იდან 2013 წლამდე ჯერ კომერციული დირექტორის, შემდეგ კი აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ხელმძღვანელობდა. 2013 წლის აგვისტოში ის მინსკში დააკავეს, სადაც კალიუმის გაყიდვებთან დაკავშირებით იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიასნიკოვიჩთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს. როგორც The Bell წერდა, ბაუმგერტნერი რუსეთ-ბელარუსის „კალიუმის ომის“ მძევალი გახდა. სამთვიანი წინასწარი პატიმრობისა და შინაპატიმრობის შემდეგ ის მოსკოვში გადაიყვანეს. რუსეთში ბაუმგერტნერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მისი ექსტრადირების მიზნით აღიძრა, თუმცა 2015 წელს მტკიცებულებების არარსებობის გამო დაიხურა. შემდგომში ბაუმგერტნერი ბიზნესს დაუბრუნდა და საპორტო კომპანია Global Ports-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. ბოლო წლებში ის კვიპროსში ცხოვრობდა.

მანამდე, სექტემბერში რუსული მედიის ყურადღების ცენტრში ანდრეი კროტკოვი მოექცა, რომელიც “ეფესბეს” ყოფილი პოდპოლკოვნიკი და მმართველი კომპანია Zeppelin-ის აღმასრულებელ დირექტორი იყო. მან სანადირო თოფით გულმკერდის არეში ისროლა. Zeppelin ს უმსხვილესი კომპანიების უძრავ ქონებას მართავს, ხოლო თავად ანდრეო კროტკოვი კომერციული უძრავი ქონების ბაზრის 100 ყველაზე გავლენიან პირს შორის რეგულარულად სახელდებოდა.

თითქმის, პარალელურად ცნობილი გახდა ქიმიური ბოჭკოებისა და კომპოზიტების მწარმოებელი კომპანია “ხიმპრომინჟენერინგის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალექსანდრ ტიუნინის გარდაცვალების შესახებ. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით მისი ცხედარი პოდმოსკოვიეს სოფელ კოკოშკინოში, საკუთარი ავტომობილის მახლობლად იპოვეს. იქვე ნაპოვნია თოფი, ხოლო მანქანაში სიკვდილამდე დაწერილი წერილიც აღმოაჩინეს, რომელშიც ის ხანგრძლივ დეპრესიაზე საუბრობს. ტიუნინი “ხიმპრომინჟენერინგს,“ თითქმის, 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მის კომპანიას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის რუსეთში ნახშირბადის ბოჭკოს ერთადერთი მწარმოებელია. ეს არის მასალა, რომელიც სამხედრო, საავიაციო, კოსმოსურ და სარაკეტო ინდუსტრიებში გამოიყენება.

ასევე, გასული წლის 7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ერთდროულად ტრანსპორტის სამინისტროს ორი თანამშრომელი გარდაიცვალა. კერძოდ, მინისტრ რომან სტაროვოიტმა, წინასწარი ინფორმაციით, თავი მოიკლა, ხოლო ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილე, ანდრეი კორნეიჩუკი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ამას წინ უძღოდა ს მთავრობის ან მთავრობასთან დაახლოებული სტრუქტურების წარმომადგენელთა იდუმალი სიკვდილის კიდევ, სულ მცირე, 18 შემთხვევა.

კერძოდ, 2022 წლის აპრილიდან ივლისამდე ძალოვან სტრუქტურებთან დაკავშირებული ჩინოვნიკების ოთხი უცნაური სიკვდილი დაფიქსირდა. ჯერ საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ვიაჩესლავ ტრუბნიკოვი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, შემდეგ კი ამავე სამსახურის პენსიაზე გასულმა გენერალ-მაიორ ლევ სოცკოვმა ჯილდოდ მიღებული პისტოლეტით თავი მოიკლა. მალევე გარდაცვლილი იპოვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და „როსვორუჟენიეს“ ყოფილი თანამშრომელი, ალექსეი ოგარევი, შემდეგ კი რუსეთის საბაჟო აკადემიის პრორექტორმა, ზალიმ კერეფოვმა წინასწარი დაკავების #1 იზოლატორის სამარტოო საკანში ვენები გადაიჭრა.

ასევე, 2022 წელს რამდენიმე საჯარო მოხელე გარდაიცვალა: აგვისტოში ჩებოქსარის 38 წლის ხელმძღვანელი, ოლეგ კორტუნოვი გულის შეტევით დაიღუპა, ხოლო დეკემბერში ინდოეთში „ერთიანი რუსეთის“ ერთ-ერთი უმდიდრესი დეპუტატი, პაველ ანტოვი ფანჯრიდან გადმოვარდა. იმავე წლის თებერვალსა და სექტემბერში დალნივოსოტოკისა და არქტიკის განვითარების კორპორაციის ორი თანამშრომელი გარდაიცვალა. კერძოდ, ავიაციის სექტორის დირექტორი, ივან პეჩორინი ნავიდან გადმოვარდა, ხოლო კორპორაციის 48 წლის აღმასრულებელი დირექტორი, იგორ ნოსოვი, ოფიციალური ცნობით, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა.

2023 წლის პირველ ნახევარში “ძალოვანთა” გარდაცვალების ახალი სერია დაიწყო. კერძოდ, თებერვალში, სანქტ-პეტერბურგში დასავლეთ სამხედრო ოლქის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი, მარინა იანკინა მე-16 სართულიდან გადმოვარდა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსტრემიზმთან ბრძოლის მთავარი დირექტორატის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ მაკაროვი ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში მიყენებული ჭრილობით იპოვეს.

ცოტა მოგვიანებით, 2023 წლის მაისში მეცნიერების მინისტრის მოადგილე, პიოტრ კუჩერენკო თვითმფრინავში გარდაიცვალა. ის პირად საუბრებში უკრაინის ომს აკრიტიკებდა. ასევე, აგვისტოში რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ფილატოვი გარდაიცვალა, რომელიც ”გეკაჩეპეს” ცნობილი პუტჩის დროს დეპუტატთა თავდაცვის შტაბს ხელმძღვანელობდა.

2024 წელს კიდევ სამი გახმაურებული სიკვდილი დაფიქსირდა. კერძოდ, თებერვალში, პეტროზავოდსკში ანტიმონოპოლიური სამსახურის კარელიის ფილიალის უფროსი, არტურ პრიახინი მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა, ხოლო ნოემბერში საგამოძიებო კომიტეტის შიდა უსაფრთხოების სამმართველოს ყოფილი უფროსი, მიხაილ მაქსიმენკო, რომლესაც 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, სასჯელაღსრულების კოლონიაში გარდაცვლილი იპოვეს.

თანამდებობის პირების მასობრივი სიკვდილიანობის შემდეგი ტალღა გასული წლის პირველ ნახევარში დაიწყო. ისინი ყოველთვიურად იღუპებოდნენ. კერძოდ, იანვარში, ტაილანდში გარდაცვლილი იპოვეს ვლადივოსტკის ადმინისტრაციის უფროსის 42 წლის მოადგილე, კონსტანტინ კლიუევი, ხოლო თებერვალში შინაგან საქმეთა სამინისტროს P-დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ევგენი გოლოვატიმ თავი მოიკლა. მარტში, ჰოკეის თამაშის დროს არხანგელსკის საოლქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ანანიევი გარდაიცვალა, აპრილში კი სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მთავარი სამმართველოს კრასნოდარის მხარის განყოფილების უფროსის მოადგილე იგორ როჟნევმა თავი მოიკლა.

საჯარო სექტორის გარდა, “ფანჯრიდან გადმოვარდნები” რუსეთის წამყვან კერძო სექტორშიც “მოდაშია.” კერძოდ, 4 ივლისს მაგისტრალურ მილსადენების, სატუმბო სადგურებისა და საცავების მსოფლიოს უდიდესი კომპანია „ტრანსნეფტის“ ვიცეპრეზიდენტი, ანდრეი ბადალოვი მოსკოვში, რუბლიოვსკოეს გზატკეცილზე მდებარე საკუთარი ბინის ფანჯრიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა.

მსგავს საეჭვო ვითარებაში ბოლო წლებში, კერძოდ, უკრაინის ომის შემდეგ ნავთობკომპანიების რამდენიმე ტოპ-მენეჯერი გარდაიცვალა. კერძოდ, 2022 წლის აპრილში მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს „გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ვლადისლავ ავაევი, მისი მეუღლე და არასრულწლოვანი ქალიშვილი. წინასწარი მონაცემებით, ბანკირმა ოჯახი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. რუსული მედიის ცნობით, ინციდენტის მიზეზი შესაძლოა, ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტი ყოფილიყო. ავაევის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს „ნოვატეკის“ ყოფილი ტოპ-მენეჯერი სერგეი პროტოსენია, მისი მეუღლე და ქალიშვილი. მაშინ ესპანური მედია წერდა, თითქოს, პროტოსენიამ ცოლი და ქალიშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ასევე, 2022 წლის სექტემბერში „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს 67 წლის თავმჯდომარე, რავილ მაგანოვი გარდაიცვალა. „ლუკოილის“ ნეკროლოგში ეწერა, რომ მაგანოვი „მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.“ რუსული მედია, მათ შორის, TASS და „ინტერფაქსი“, წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ მაგანოვმა მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში თავი მოიკლა, ის ფანჯრიდან გადმოვარდა.

წყარო