მედია: სენაკის მერმა თავისი ბიძისა და ბიძაშვილის კომპანიებს 38 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები მოაგებინა

სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანიამ – სს “არქეოპოლისმა” ვახტანგ გადელიას მერად არჩევის შემდეგ, სენაკის მერიისგან 32,248,784 ლარის ღირებულების 17 ტენდერი მოიგო – ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ავრცელებს
 ორგანიზაციის კვლევით, აქედან 14 ტენდერში კომპანიას საერთოდ არ ჰყოლია კონკურენტი, ხოლო 3 შემთხვევაში მისი ერთადერთი კონკურენტი შპს “ინდიკო” იყო, რომლის მფლობელიც მერის ბიძაშვილი, იოსებ გადელიაა
 “ბოლო 3,496,606 ლარის ღირებულების ერთი ტენდერი სს “არქეოპოლისმა” 2025 წლის მაისში მოიგო.
რაც შეეხება შპს “ინდიკოს” – გადელიას მერად არჩევის შემდეგ ამ კომპანიამ 5,845,170 ლარის ღირებულების 3 ტენდერში გაიმარჯვა.
“აღსანიშნავია, რომ ვახტანგ გადელია წარსულში თავადაც იყო სს “არქეოპოლისის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო მისი მოადგილე, ნანა ზარანდია, ამ კომპანიის დირექტორის პოზიციას იკავებდა.
ამ კავშირებზე წარსულშიც არაერთხელ დავწერეთ, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ვერ (ან არ) აღმოაჩინა მასში კორუფციის შესაძლო ნიშნები.
სწორედ ზემოაღნიშნული კავშირები, კონკურენციის ფაქტობრივი არარსებობა და ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ კომპანიაზე მორგებული სატენდერო პირობები აჩენს კითხვებს კორუფციასთან, შესყიდვების სამართლიანობასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. სენაკის მერიის ტენდერები წარმოაჩენს სისტემურ პრობლემებს, რაც მიუკერძოებელ და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს” – აცხადებს TI