საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემა ბოლო ათწლეულების განმავლობაში რთული, ხშირად ბარიერებით სავსე გზით ვითარდებოდა. საბჭოთა ეპოქის მძიმე მემკვიდრეობის – ინსტიტუციონალიზაციის, დიაგნოზების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შემდეგ, ქვეყნის მიზანი თანამედროვე, ადამიანზე და მისი უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მოდელის შექმნა იყო.
ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი დიდი ტიპის დახურული ფსიქიატრიული დაწესებულებების ეტაპობრივი დახურვა, პარალელურად სათემო სერვისების განვითარება და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერებაა. ეს პროცესი გულისხმობს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის ცვლილებას, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტიგმის შემცირებას, ფინანსურად და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომ სანდო და ეფექტურ სერვისებს, პროფესიონალების მომზადებასა და თანამედროვე, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას.
საქართველოს პარლამენტმ, 2025 წლის 25 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე იმსჯელა და კენჭი უყარა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს, რომელიც მოიცავს კიდევ 14 სხვა კანონში ცვლილებას. მათ შორისაა საქართველოს კანონი “ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ”. ცვლილების თანახმად, რომელიც 2025 წლის 9 დეკემბერს მესამე მოსმენით უკვე მიიღო საქართველოს პარლამენტმა, უნდა შეიქმნას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა. ბაზის შექმნას 2026 წლის პირველ მარტამდე უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ამ ცვლილებების ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა და ცვლილების მიზნად საზოგადოების უსაფრთხოებას ასახელებენ. განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ “ინფორმაციის დროული და სანდო წყაროს არარსებობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება. მაგალითად, გამოწვევას წარმოადგენს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების განხორციელების დროს, როგორიც არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გაცემა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება და სხვა. მსგავსი სახის ლიცენზიის (ნებართვის)/უფლების ფლობა უკავშირდება მომეტებულ საფრთხეს და საჭიროებს მისი მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან”.
ცვლილებების თანახმად, საინფორმაციო ბაზის შექმნის პროცესში აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ყურადსაღებია, რომ ამ კანონპროექტის შექმნის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ან კონსულტაციისთვის არ მიუმართავთ სფეროს არცერთი სპეციალისტისთვის.
ამ ისტორიულ კონტექსტში, როდესაც ქვეყნის ე.წ. მმართველმა ძალამ 2024 წლის 28 ნოემბერს ღიად განაცხადა ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ეს კანონპროექტიც არ არის მოულოდნელი – ის ცხადყოფს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება შეჩერებულია და სახელმწიფო კვლავ მიუბრუნდა კონტროლის ძველ ინსტრუმენტებს, რომელთაც უკვე ვიცნობთ საბჭოთა ისტორიიდან.
ფსიქიკური ჯანმრთელობის თემის გამოყენება საზოგადოების უსაფრთხოების საკითხად იმთავითვე მცდარია, არსებითად გააუარესებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას ქვეყანაში და მნიშვნელოვნად დაარღვევს ადამიანის უფლებებს, მათ შორის:
- პირადი მონაცემების კონფიდენციალობა – ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე კატეგორიის პერსონალური მონაცემია. მისი ასეთი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოსთვის, რომელიც არ არის შექმნილი სამედიცინო მიზნებისთვის, ქმნის მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის რისკს.
- დახმარების ძიების შეფერხება – ბაზაში მოხვედრის რისკი ადამიანებს აიძულებს, თავი შეიკავონ პროფესიული დახმარების ძიებისგან, რაც გაზრდის მკურნალობის ღიობს და გაამწვავებს ფსიქიკური ჯანმრთელობის უკვე არსებულ პრობლემებს.
- სტიგმის გაძლიერება – ფსიქიკური ჯანმრთელობის თემით მანიპულირება უსაფრთხოების რიტორიკის გამოყენებით კიდევ უფრო ამძაფრებს სტიგმას. მცდარია აზრი იმის შესახებ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირი იმთავითვე „საშიში“, „აგრესიული“ ან „ზიანის მომტანია“. ამ იდეის გავრცელებით კი სახელმწიფო ხელს შეუშლის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და ინკლუზიას.




