მედია: საქართველო ლიდერობს ქვეყნებს შორის, სადაც რუსებმა 2023 წელს ბიზნესი დაარეგისტრირეს

საქართველო ლიდერობს ქვეყნებს შორის, სადაც 2023 წელს ს მოქალაქეები ბიზნესს არეგისტრირებდნენ. გასული წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 13 ათასი იურიდიული პირი დარეგისტრირდა, წერს გამოცემა Forbes-ის რუსულენოვანი ვერსია ანალიტიკურ კომპანია „ფინიონზე“ დაყრდნობით.
მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც რუსებმა 6100 კომპანია გახსნეს. მესამე ადგილს სომხეთი და ჩერნოგორია იყოფენ, სადაც რუსი მესაკუთრის 3400 იურიდიული პირი დარეგისტრირდა.
2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში 16 ათასამდე იურიდიული პირი დარეგისტრირდა. შედარებისთვის 1995 წლიდან 2022 წლის თებერვლამდე საქართველოში რუსებმა 7788 კომპანია დაარეგისტრირეს.
„საქართველოში კომპანიების ასეთ მასობრივ გახსნას რამდენიმე მიზეზი აქვს: წმინდა სტატისტიკური მიზეზების გარდა, ანუ ქვეყანაში რუსეთის აქტიური მოქალაქეების შედინება, ამას ხელს უწყობს ბიზნესის დარეგისტრირების ხელსაყრელი პირობები და საგადასახადო სისტემა. ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლია გადაიხადოს მხოლოდ 1%-იანი საშემოსავლო გადასახადი, ხოლო შპს-ს მფლობელს შეუძლია არ დარეგისტრირდეს დღგ-ს გადამხდელად, 100 000-ლარიანი ბრუნვის მიღწევამდე. გარდა ამისა, საქართველოში რუსებს და ბელარუსებს შეუძლიათ ლეგალურად გახსნან საბანკო ანგარიშები, მათ შორის ბიზნესსაქმიანობისთვის“, – განაცხადა ვიაჩესლავ კარტამიშევმა, კომპანია „ფინიონის“ დირექტორმა.
2023 წლის ბოლოს სერბეთში რუსებმა დაახლოებით 3000 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს, 2022 წელს – 6000, ხოლო 2021 წელს – დაახლოებით 2000. რუსები სერბეთში ხსნიან სილამაზის სალონებს, კაფეებს, საბავშვო ბაღებს, წიგნების მაღაზიებს და კოსმეტიკურ საწარმოებსა და დეველოპერულ კომპანიებს.
მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვით, საქართველოში რუსი მიგრანტების რაოდენობა შემცირდა. 2023 წელს რუსეთის მოქალაქეები საქართველოში 1 856 237-ჯერ შევიდნენ და ქვეყნიდან 1 887 223-ჯერ გავიდნენ. სხვაობა თითქმის 31 ათასია.

ასევე დაგაინტერესებთ