ახალი თავი Forbes Georgia-ს ისტორიაში: თქვენ წინაშეა საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის რეიტინგი. ჩვენ უკვე 15 წელია, ვწერთ მდიდარ ადამიანებზე, თუმცა ქვეყნის კერძო კაპიტალის ზუსტი საზომი ფართო საზოგადოებისთვის პირველად ხდება ხელმისაწვდომი.
Forbes Georgia-ს 15-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად ვაქვეყნებთ საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის კონსოლიდირებულ რეიტინგს – კერძო ბიზნესაქტივების სტრუქტურირებულ შეფასებას.
რეიტინგში წარმოდგენილი 100 მეწარმის ქონების ჯამური ღირებულება ₾60.1 მილიარდს აჭარბებს. ეს მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის 60%-ს უახლოვდება და საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლებს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება.
საინტერესოა, რომ ქვეყნის მსგავსად, უმდიდრეს ადამიანთა შორისაც კაპიტალი მწვერვალზეა კონცენტრირებული: უმდიდრეს მეწარმეთა ასეულის პირველი ათეული საერთო ქონების დაახლოებით 60%-ს აკონტროლებს, ხოლო პირველი ხუთეული – თითქმის ნახევარს. რეიტინგში საშუალო ქონება დაახლოებით ₾600 მილიონს შეადგენს, მაშინ როდესაც მედიანური მაჩვენებელი მხოლოდ ₾227 მილიონია. ეს განსხვავება ცხადყოფს ასეულში სიმდიდრის მკვეთრად არათანაბარ გადანაწილებას.
პატარა ეკონომიკაში ასეთი განაწილება შემთხვევითი დეტალი არ არის. ის განსაზღვრავს კონკურენციის დინამიკას, კაპიტალის მოძრაობას და განვითარების ტემპს.
კაპიტალის სექტორული სტრუქტურაც იმავე სურათს ამყარებს. რეიტინგში უდიდესი წილი მოდის ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ფინანსები, ტელეკომუნიკაციები, ჯანდაცვა და უძრავი ქონება. ეს არის სფეროები, სადაც ბაზარზე დამკვიდრებული პოზიცია და ოპერაციული მასშტაბი განსაზღვრავს შედეგს: სიმდიდრე გროვდება უფრო სისტემურად, სტაბილური ფულადი ნაკადებით და ბაზრის წილის განმტკიცებით, ვიდრე ტექნოლოგიური სფეროებისთვის დამახასიათებელი ნახტომებით.
მოკლედ, საქართველოში სიმდიდრის კონცენტრაცია თვალსაჩინოა როგორც ეკონომიკის მასშტაბით, ისე ქვეყნის ეკონომიკური ელიტის შიგნითაც. თუმცა ეს რეიტინგი შეიქმნა არა ხსენებული დინამიკის განსჯის მიზნით, არამედ მის აღსაწერად.
დღეიდან საქართველოში შესაძლებელია უმდიდრესი მეწარმეების ქონებაზე ვიმსჯელოთ არა მითქმა-მოთქმის, არამედ კონსოლიდირებული, სტრუქტურულებული, შედარებადი და გადამოწმებადი მონაცემების საფუძველზე.




