საჯარო სკოლებში ე.წ „ღირებულებითი განათლების“ ფარგლებში შექმნილ სასულიერო კლუბებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებენ.
კლუბების დაფინანსებაზე კითხვები დაუსვა „ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ სასულიერო პირების კლუბებში მუშაობა ანაზღაურებადი იქნება და კლუბებიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
„ღირებულებითი განათლების კლუბები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ბიუჯეტიდან პროგრამულად ფინანსდება.
სკოლებში დამატებითი შემეცნებითი აქტივობის განხორციელება ანაზღაურებადია, ასეა ღირებულებითი კლუბების შემთხვევაშიც“, – გვწერს სამინისტრო.
კლუბებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტზე კითხვის პასუხად სამინისტროში გვითხრეს, რომ ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია ოფიციალურად უნდა გამოვითხოვოთ.
„ბათუმელები“ ესაუბრა საჯარო სკოლის რამდენიმე მასწავლებელს, რომლებსაც არაერთი სასკოლო კლუბი ჰქონიათ ამ წლების განმავლობაში – არაფორმალურ განათლებაში არიან ჩართული. მათ ვკითხეთ, თუ დაინტერესებულა აქამდე განათლების სამინისტრო ამ კლუბების მხარდაჭერით და მიუღიათ თუ არა ოდესმე სახელმწიფო დაფინანსება კლუბური აქტივობისთვის?
ლალი მარგიანი მარნეულში, სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლაში ასწავლის და არაერთი პროექტის ავტორია. მისი თქმით, იყო შემთხვევები, როცა სამინისტრო აცხადებდა საგრანტო კონკურსებს, თუმცა ეს იყო ერთჯერადი აქტივობა და განგრძობითი სახე არ ჰქონია.
„ადრე იყო საგრანტო პროექტები – ორჯერ მოვიგეთ. ამ გრანტის ფარგლებში გახსნილი მქონდა ციფრული და ხელოვნების კლუბი – „ჩემი კრეატიული სკოლა“. შემდეგ ეს გრანტები შეწყდა.
შემდეგ მქონდა ეკოკლუბი, რომელსაც დაფინანსება არ სჭირდებოდა. შარშან უკვე არანაირი კლუბი აღარ მქონია.
სამინისტროს გრანტები უფრო მთის სკოლებზე მოდიოდა, მაგრამ აქაც მოთხოვნა იყო ის, რომ სკოლა არ უნდა ყოფილიყო მცირეკონტინგენტიანი. ამიტომ მესამედ აღარ მიმიღია მონაწილეობა“, – ამბობს ლალი მარგიანი.
მისი თქმით, სამინისტროსგან მაქსიმუმ 5 000-ლარიანი დაფინანსება იყო გამოყოფილი ამ ერთჯერადი გრანტებისთვის. სკოლებს ყველაზე მეტად დასავლური გრანტები ეხმარებოდა და ყველაზე მეტი პროექტიც სწორედ ამ გრანტების მეშვეობით ხორციელდებოდა სკოლებში.
„ზოგს ჰქონდა ევროკავშირის გრანტი, ზოგს USAID-ის გრანტები, მაგრამ ახლა ეს დაფინანსებაც შეწყდა და არც სახელმწიფო გრანტები არსებობს“, – გვეუბნება ლალი მარგიანი.
რამდენად სამართლიანია, თუ სახელმწიფო სასულიერო კლუბებს დააფინანსებს, სხვა სამოქალაქო კლუბებს კი არა? – ვკითხეთ ლალი მარგიანს.
ამბობს, რომ ე.წ „ღირებულებითი კლუბების“ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებაზე ჯერ არაფერი სმენია. „თუ მე არ მაფინანსებენ, ისინი რატომ უნდა დააფინანსონ? იქნებ გადმოგვხედონ ჩვეულებრივ მოკვდავებსაც“, – გვეუბნება ლალი.
მისი თქმით, მინიმუმ ორი წელია სახელმწიფოს საერთოდ არ გამოუცხადებია რაიმე საგრანტო კონკურსი არაფორმალური განათლების გასაძლიერებლად და ბიუჯეტში თანხები გამონახეს, რელიგიური კლუბების ფუნქციონირებისთვის.
„ჩვენთან ამ ღირებულებით კლუბებსაც არ გახსნიან ალბათ, რადგან მუსლიმი ბავშვები სწავლობენ ძირითადად სკოლებში ან სომეხი მოსწავლეები არიან“, – ამბობს ლალი მარგიანი.
„ბათუმელები“ ესაუბრა კიდევ ორ მასწავლებელს, რომლებიც ასევე აქტიურად მუშაობენ არაფორმალური განათლების მიმართულებით.
ლამარა ბოლქვაძეც მარნეულში, სოფელ მარადისში საჯარო სკოლაში ასწავლის და 2017 წლიდან აქვს ეკოკლუბიც, რომელიც ენთუზიაზმზე მუშაობს.
„ჩვენ თვითონ ვაგროვებთ ხოლმე თანხებს. ხან ხელნაკეთ ნივთებს ვყიდით, ხან ყვავილებს, პატარა სათბური გვაქვს და მოგვყავს ცოტ-ცოტა მოსავალიც. ახლა ცუდი ამინდების გამო გაგვიფუჭდა სათბური და გვინდა შევაკეთოთ.
მოგებული გვაქვს ნიკო კეცხოველის კონკურსიც და კლუბის აქტივობებში ასამდე ბავშვია ჩართული. არასამთავრობო ორგანიზაციებისგან 50 000 ლარამდე გრანტები გვაქვს მიღებული სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად, მაგრამ წელს, არცერთი პროექტი არ გვქონია.
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რამდენად შევძლებთ აწი ფუნქციონირებას. ეს ორი თვე უძრავად ვართ. ვინც მუშაობს, ისინიც ენთუზიაზმით მუშაობენ. USAID-ის მხარდაჭერა ჰქონდათ სკოლებს წლების განმავლობაში, მაგრამ ახლა ვიცით, რომ ვეღარ აფინანსებენ ვერავის.
არადა, არაფორმალური განათლება საუკეთესოა ბავშვებისთვის, რადგან თავიანთ სურვილის და ინტერესების მიხედვით მონაწილეობენ ბავშვები აქტივობებში.
წარმოიდგინეთ, გარემოს მდგრადი განვითარების 17 მიზანი და ამ მიზნისკენ რა აქტივობებიც შეიძლება დაიგეგმოს, სულ ბავშვების მოფიქრებულია და ეს არის ძალიან დიდი ცოდნა, ჩემი აზრით.
გარდა ამისა, ერთ-ერთი პუნქტი ამ მიზნებში არის ხარისხიანი განათლება და ამ მიმართულებითაც ბავშვები ბევრ საინტერესო აქტივობას იფიქრებენ.
რა შეეხება სასულიერო პირების კლუბებს, სიმართლე გითხრათ, მაგ ინიციატივის შესახებ ბევრი არაფერი გამიგია. ამდენი ხანია ამდენი საინტერესო კლუბი ფუნქციონირებს და თუ დაფინანსება შეიძლება, ჩვენმა კლუბებმა რა დააშავეს?“ – ამბობს ლამარა ბოლქვაძე.
ვესაუბრეთ დალი კეკელიძესაც, რომელიც სოფელ შულავერის პირველ საჯარო სკოლაში ასწავლის.
„მაშინ უფრო აქტიურები ვიყავით, როცა USAID-ი გვაფინანსებდა, ახლაც მაქვს ეკოკლუბი და CENN-ის პროექტებშიც ვარ ჩართული. მანამდე უფრო მეტ რესურსს ვიღებდით, მეტ პროექტში ვრთავდით მოსწავლეებს, ახლა არ ვიცი, როგორ იქნება.
ახლაც ვცდილობ გამოვჩხრიკო ხან ევროკავშირის დაფინანსებული პროექტები, ხან რაღაც სხვა. განათლების სამინისტროს პროექტები უფრო სპორტის მიმართულებითაა და ვერ ვიხსენებ, იყო თუ არა ჩვენი სკოლა რაიმეში ჩართული“, – ამბობს დალი კეკელიძე.
„ღირებულებით კლუბებზე“ არც მას აქვს სრული ინფორმაცია და არც იმის მოლოდინი, რომ მაგალითად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში დანერგავენ. „შესაძლოა მშობლებსაც ჰქონდეთ პროტესტი, რადგან რელიგიური კლუბებია და აქ უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს.
თუ სამართლიანობაა, მაშინ ყველა კლუბი ერთნაირად უნდა ფინანსდებოდეს“, – გვეუბნება დალი კეკელიძე.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საპატრიარქოს სასულიერო პირებს ამ დროისთვის 175 კლუბი აქვთ გახსნილი საჯარო სკოლებში. სექტემბრიდან კი ახალი კლუბების გახსნა იგეგმება და ამისთვის 129 სასულიერო პირიც გადაუმზადებიათ.
მათივე ინფორმაციით, კლუბებში 4 375 მოსწავლეა ჩართული.




