ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ივანიშვილის გუნდში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. წყაროების ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე შეკვეთილში დაიბარა და მასთან მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა.
როგორც ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთოს ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებსა და შესაძლო საერთაშორისო რეაგირებას.
ეუთოს ანგარიშში მითითებულია, რომ საჭიროა სამართალდამცავი უწყებების იმ წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რომლებიც, ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს ძალადობაში მონაწილეობდნენ. ანგარიშში ასევე საუბარია ჟურნალისტებზე თავდასხმების გამოძიების აუცილებლობაზე.
ამასთან, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტული პირების იდენტიფიცირება რთულია. ამ დრომდე არ არის დადგენილი იმ პირების ვინაობა, რომლებიც ჟურნალისტებზე — მაკა ჩიხლაძეზე და გურამ როგავაზე თავდასხმაში ფიგურირებენ.
თავისუფალი მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამართალდამცავ სისტემაში არსებობს ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც აქციების დროს ძალადობაში მონაწილეობდნენ, თუმცა მათი თქმით, თუმცა სისტემა მათ ხელს აფარებს.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.
ირკვევა, რომ ივანიშვილმა კობახიძე საგანგებოდ შეკვეთილში დაიბარა. ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ყვება, რომ ივანიშვილი სრულ აგონიაში ჩააგდო დასკვნაში ჩაწერილმა რეკომენდაციებმა და გაფრთხილებამ, რომ თუ “ქართული ოცნება” ყველაფერს არ გამოასწორებს, იქნება ფინანსური სანქციებიც, ჰააგის სასამართლო და საერთაშორისო დამნაშავედ გამოცხადებაც. კობახიძე კი, რომელიც ივანიშვილს არწმუნებდა, რომ ყველაფერს აკონტროლებს, იმედები გაუცრუა.
ეუთო ითხოვს, დაისაჯოს ყველა ის პოლიციელი და სპეცრაზმელი, ვინც ხალხს უმოწყალოდ სცემდა, აწამებდა, ჟურნალისტებს თავს ესხმოდა. კობახიძე კი ამტკიცებს, რომ მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია. მაკა ჩიხლაძეზე და გურამ როგავაზე თავდამსხმელები ამ დრომდე არ დასჯილან. თავისუფალი მედიის ჟურნალისტები ამბობენ, რომ ძალოვან უწყებაში ყველამ კარგად იცის, ვინ იყვნენ ის პირები, რომლებიც ჟურნალისტებს და ოპერატორებს სასიკვდილოდ სცემდნენ, თუმცა სისტემა მათ ხელს აფარებს.




