ბაკალავრის ხარისხი, 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება და გასაუბრება – მხოლოდ ეს კრიტერიუმებია საჭირო, რომ კანდიდატს რესურსცენტრის დირექტორობა ჩააბარონ. 2024 წელს გამოცხადებულ კონკურსში დირექტორობის მსურველებს არც მაგისტრის ხარისხი, არც ენების ცოდნა, არც სფეროში 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოეთხოვებოდათ, მათ არც ტესტირების გაუვლიათ – ასეთი მარტივი თანამდებობაზე დანიშვნა არასდროს ყოფილა, რაც აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ ერთადერთი კრიტერიუმი რითაც კანდიდატები დირექტორებად დანიშნეს, მმართველი პარტიის ერთგულებაა.
არადა ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგანმანათლებლო რესურსების განვითარების დაფინანსება 2025 წელს რეკორდულად გაიზარდა, 2023 წელს თუ ბიუჯეტიდან 260 ათასი ლარი გამოიყო, წელს დაფინანსებამ 11.5 მილიონ ლარს მიაღწია, მოთხოვნები კი მინიმუმამდე დაეცა, ზოგიერთი დირექტორი ამ მინიმუმ კრიტერიუმსაც ვერ აკმაყოფილებს, მაგალითად მესტიის მუნიციპალიტეტის განათლების რესურსცენტრის უფროს მარიამ ჯაფარიძეს განათლების სფეროში 2 წლიანი გამოცდილებაც კი არ აქვს.
გამარტივებული წესით თანამდებობაზე დანიშნული რესურსცენტრის დირექტორები პარტიას რომ იმედს არ უცრუებენ მათი სოციალურ ქსელებში, მათი საჯარო პოსტებიდანაც ჩანს, მაგალითად ახალციხის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე ფეისბუქზე აქტიურად აზიარებს შსს-ს განცხადებებს საპროტესტო აქციებზე დაკავებულების წინააღმდეგ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხარაზიშვილი, რომელიც პირდაპირ ბორჯომის საკრებულოდან მოხვდა ამ პოზიციაზე აქციის მონაწილეების ქმედებებს ადარებს ვანდალიზმს, იმავე შინაარსის სტატუსებს წერენ ზუგდიდის ცენტრის უფროსი მამუკა ბულია და ქუთაისის რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილიც.