რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში ტაძარში კაცებს შორის სექსის ამსახველი პორნოგრაფიული ვიდეო გადაიღეს.
რუსული Telegram-არხი, Astra წერს, რომ ვიდეოში შესაძლოა სემინარიელები მონაწილეობდნენ.
ტაძრის წინამძღვარმა, ალექსეი გლოტოვმა Telegram-არხთან, Осторожно, новости-სთან საუბრისას თქვა, რომ ვიდეო “დიდი ხნის წინ” არის გადაღებული, ხოლო ამჟამად ზელო კლიროსზე წვდომა შეზღუდულია და იქ კამერები არის დაყენებული.
Astra წერს, რომ ვიდეო ერთ-ერთ გეი პორნოგრაფიულ საიტზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოქვეყნდა.
ადგილობრივ მედიასთან საუბრისას ნიჟნი ნოვგოროდის მიტროპოლიის პრესსპიკერმა, ალექსეი პესტრეცოვმა დაადასტურა, რომ მსგავსი ვიდეო არსებობს და განაცხადა, რომ ვიდეოში ყველა მონაწილის ვინაობას დაადგენენ და დასჯიან.
Telegram-არხი, Astra აღნიშნავს, რომ ვიდეოში ასახული ოთახის ინტერიერი წმინდა მოციქული ტიმოთესა და წმინდა მოწამე ტატიანას ტაძრისას ემთხვევა.
Astra ასევე ხაზს უსვამს, რომ ტაძარში ასევე წმინდა კირილესა და წმინდა მეთოდეს სახელობის მართლმადიდებელი სკოლა-გიმნაზია მდებარეობს.
პესტრეცოვის თქმით, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ვიდეოსთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრება და შიდა გამოძიება ჩატარდება, რომელიც დაადგენს, თუ როგორ მოიპოვეს ვიდეოს მონაწილეებმა ტაძრის შენობაზე წვდომა.
ვიდეოს შესახებ ცნობა პირველად გამოცემა Церковные Ведомости-მ გაავრცელა, შემდეგ კი რუსმა ულტრანაციონალისტმა ბლოგერმა, ვლადისლავ პოზდნიაკოვმა ვიდეოდან კადრები გაავრცელა და თქვა, რომ მთლიანი ჩანაწერი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (ФСБ) გადასცა.