რუსეთში, ბოლო 2 კვირაში, თაღლითების გავლენის შედეგად, 50-ზე მეტი ცეცხლის წაკიდების ფაქტი დაფიქსირდა. შესაბამისი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა დამოუკიდებელმა მედიამ Mediazona.
13-დან 25 დეკემბრის ჩათვლით რუსეთის მოქალაქეებმა მინიმუმ 50-ჯერ წაუკიდეს ცეცხლი ბანკებს, პოლიციის მანქანებს და სხვა ობიექტებს.
კვლევის მიხედვით, ცეცხლის წამკიდებლები შესაბამის ინსტრუქციებს სატელეფონო თაღლითებისგან იღებდნენ.
თაღლითები ტელეფონით ან რომელიმე სოციალური ქსელით უკავშირდებიან მსხვერპლს. ხშირ შემთხვევაში თაღლითები საპენსიო ასაკის მოქალაქეებს ატყუებენ.
თაღლითები მსხვერპლს რომელიმე ობიექტისთვის ან სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ინვენტარისთვის ცეცხლის წაკიდებას სთხოვენ. რიგ შემთხვევებში ისინი შესრულებული საქმისთვის ფულად ჯილდოს სთავაზობენ (რომელსაც შემდგომში არ იხდიან). ზოგჯერ, თაღლითური სქემის ავტორები მსხვერპლს ან მსხვერპლის ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ან მოკვლით ემუქრებიან.
რუსეთის სამთავრობო მედიებში გავრცელებული აზრით, თაღლითების უკან უკრაინის დაზვერვა ან უკრაინის მხარდამჭერი რუსეთის მოქალაქეების ჯგუფი დგას.
როგორც Mediazona წერს ყველაზე მეტი მსგავსი შემთხვევა 20 და 21 დეკემბერს მოხდა.
აქამდე, ყველაზე მსხვილი ცეცხლის წაკიდების ტალღა 2023 წლის ივლის-აგვისტოში დაფიქსირდა. მაშინ თაღლითების მუშაობის შედეგად ხანძარი 37 სხვადასხვა ობიექტში გაჩნდა.