რუსეთის საზოგადოებრივი ჯგუფების ცნობით, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ კსტოვოში, “ლუკოილის” ნავთობსაწყობისა და ნავთობქიმიური ქარხნის მახლობლად მდებარე სამრეწველო ზონაში დრონით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
რუსული „ტელეგრამ“ არხების ცნობით, კსტოვოს მაცხოვრებლებმა აფეთქების ხმები გაიგონეს.
ტელეგრამ არხი „ასტრა“ წერს, რომ გააანალიზეს კადრები და დაასკვნეს, რომ ხანძარი სამრეწველო ზონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გაჩნდა, სადაც ორი ნავთობსაწარმო მდებარეობს – „სიბურ-კსტოვო“ და „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზი“.
„სიბურ-კსტოვოს“ ნავთობქიმიური ქარხანა აწარმოებს ეთილენს, პროპილენს, ბენზოლს და ნახშირწყალბადების რიგ ფრაქციებს. ასევე, უკრაინული მედია იუწყება, რომ ის ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებსაც აწარმოებს.
რაც შეეხება „ლუკოილი-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზს“, მედიის ცნობით, ის რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი წამყვანი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და მნიშვნელოვანია მოსკოვის რეგიონისთვის, რომელზეც ქვეყანაში ბენზინის მოხმარების დაახლოებით 30%-ი მოდის. ქარხანა 50-ზე მეტ პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის საავტომობილო, საავიაციო და დიზელის საწვავს.

				
								
								

