„საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა აქ საკუთარი ტურისტული სააგენტოები გახსნეს და ერთგვარი „დამოუკიდებლობა“ მოიპოვეს. იქირავეს სასტუმროები, რესტორნები, აღარ სარგებლობდნენ ადგილობრივი სერვისებით.
მეტაფორულად რომ ვთქვათ, სათავისოდ შექმნეს ერთგვარი კომფორტული კუნძული, რომელიც ადგილობრივ სინამდვილეს მოსწყდა,“ – ასე აღწერს კულტურის კვლევების დოქტორი, „ქართული გასტრონომიული კულტურის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ესმა კუნჭულია ქართულ ტურისტულ და სამომხმარებლო სფეროში არსებულ სიტუაციას.
მისი თქმით, რუსული კაპიტალის უკონტროლოდ შემოსვლამ და რეგულაციების არ არსებობამ განაპირობა ე.წ. „კუნძულოვანი ეკონომიკის“ შექმნა, სადაც ყველა რგოლში უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან ჩაბმული.
კერძოდ, რუსეთის მოქალაქეები თავად ქმნიან ბიზნესს, შესაბამისად არიან დამსაქმებლები, ობიექტებზე დასაქმებული ჰყავთ ასევე რუსეთის მოქალაქეები, მათი მომხმარებლების დიდი წილი მოდის რუსეთის მოქალაქეებზე და პროდუქციაც, უმეტეს წილად შემოაქვთ რუსეთიდან.
„ბათუმელები“ ესმა კუნჭულიას ესაუბრა.
- ქალბატონო ესმა, როგორც ვიცით, „ქართული გასტრონომიული კულტურის ინსტიტუტი“ დიდი ხანია ტურისტულ და სარესტორნო ბიზნესში დამოუკიდებელ კვლევებს ატარებს. რა შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ბათუმის რეალობიდან – როგორი ტურისტული სეზონი აქვს ბათუმს წელს?
„ქართული გასტრონომიული კულტურის ინსტიტუტი“ 2010 წლიდან იკვლევს გასტრონომიულ კულტურასა და გასტროტურიზმს. ჩვენი ექსპერტების ბოლო მონაცემებით, პანდემიის შემდგომ პერიოდში ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ 2022 წლიდან საქართველოში ტურიზმი „გადასხვაფერდა“.
მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების ოპტიმისტური ოფიციალური სტატისტიკისა, რეალური სურათი სულ სხვაა და ბევრად რუხი ფერისაა. სახეზეა ინფლაციური წნეხი: საკვები პროდუქტების მკვეთრმა გაძვირებამ გაზარდა, როგორც რესტორნების, ასევე სასტუმროებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების ფასები.
შედეგად, გასტროტურიზმი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა.
თუ დღეს მთავრობაში მოკალათებული ჩინოვნიკები საქართველოს რეგიონებს ვარდისფერი სათვალის გარეშე მოივლიან, აუცილებლად დაინახავენ სამწუხარო ვითარებას. საკურორტო ზონებში თვალშისაცემად იმატა სასტუმროებსა და რესტორნებზე გამოკრულმა აბრებმა – „ქირავდება“ ანდა „იყიდება“.
მაგალითად, ახალციხეში, რაბათის მიმდებარედ, რამდენიმე სასტუმრო დროებით ან სრულად გაჩერებულია, ბათუმშიც არაერთი დახურული ობიექტია.
მეპატრონეებთან საუბარში გამოიკვეთა, რომ მათი ნაწილი ბაზარზე ვერ უმკლავდება გაზრდილ ხარჯებსა და შემცირებულ ტურისტულ ნაკადს. რაც მთავარია, ვერ უმკლავდება ე.წ. „კუნძულოვან ეკონომიკას“, რაც 2022 წლიდან ხილულად გაჩნდა ქართულ ბაზარზე.