მედია: „როსნეფტი“, „ლუკოილი“, „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები – ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ცნობით, რუსეთს ახალი და „ყველაზე ძლიერი სანქციები დაუწესეს“. ბრიტანული სანქციების ახალ პაკეტში, როგორც უწყება წერს, მსოფლიოს ორი უმსხვილესი ენერგოკომპანია – „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ მოხვდა.

ბრიტანეთის საგარეოს განცხადებით, მხოლოდ „როსნეფტი“ ს ნავთობწარმოების თითქმის ნახევარს იკავებს. ახალი სანქციები კი მიზნად ისახვს, რომ პუტინს ომის დაფინანსების წყაროები გადაუკეტოს. გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ, ჯამში, 90 ახალი სანქცია დააწესა.

ამ ორი მსხვილი კომპანიის გარდა, გაერთიანებული სამეფოს სანქციები შეეხო რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 44 ტანკერს. სანქციების ქვეშ მოჰყვა ჩინეთი და ინდოეთიც. ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 4 ჩინურ ნავთობტერმინალს და ინდურ კომპანიას, რომელმაც მხოლოდ 2024 წელს, ბრიტანეთის საგარეოს ცნობით, 5 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული ნედლი ნავთობი შეიძინა.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მკაცრდება ბუნებრივ აირზეც. ბრიტანული სანქციების ქვეშ მოჰყვა 7 რუსული ტანკერი, რომელიც გათხევადებული გაზის გადასატანად გამოიყენებოდა და ჩინური ტერმინალი, რომელიც სარგებლობდა რუსული გაზით.

„იმისთვის, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს კრემლის ფინანსების მიმოქცევა, გაერთიანებული სამეფო დღეს აცხადებს, რომ ჩვენ დავბლოკავთ იმ ნავთობპროდუქტების იმპორტს, რომლებიც დამზადებულია სხვა ქვეყნებსი, თუმცა რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობით“, – აცხადებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყება.

გაერთიანებული სამეფოს კანცლერი ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც ის „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებთან პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ახალი ზომების დაწესებას განიხილავს, რათა მას კიდევ უფრო შეუზღუდონ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების რესურსები.

წყარო