იტალიური მედიის ცნობით, რომში, ჩამპინოს აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია გორაძე (ლავასოღლი) დააკავეს.
ლავასოღლი იტალიის პოლიციის მობილურმა ჯგუფმა 22 მაისს, გერმანული სანომრე ნიშნის მქონე მანქანაში ჩაჯდომისას დააკავა. ე.წ. კანონიერი ქურდი რეჯინა კოელის ციხეშია გადაყვანილი.
ლავასოღლი კრიმინალური გაერთიანების ლიდერობისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით, 2023 წლის სექტემბრიდან საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.
მინდია ლავასოღლის საქართველოში სხვადასხვა საქმეზე, დაუსწრებლად, ჯამში 22-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
2018 წლის ივლისში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მინდია გორაძე დამნაშავედ ცნო ე.წ. კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებაში და ძალადობის მუქარით ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში. ლავასოღლის დაუსწრებლად 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
2019 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდობისა და “ქურდულ შეკრებაში” მონაწილეობის ბრალდებით, ლავასოღლის დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.