მედია: რა ქონებას ფლობს ირაკლი ბერაია?

პარლამენტის ყოფილი წევრი, დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია ახლა უკვე NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა.

მაღალი თანამდებობის პარლამენტიდან წამოსვლის შემდეგ ირაკლი ბერაიამ სულ რამდენიმე თვეში შეიცვალა. საქმე ის არის, რომ ის 2020 წლიდან „ქართული ოცნების“ სიით მე-10 და ასევე მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 2025 წლის აპრილიდან კი დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. თავდაცვის სამინისტროდან ქვეუწყების სუს-ის დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ კი ის სუს-ის მაშინდელი უფროსის ანრი ოხანაშვილის პირველი მოადგილეც გახდა, თუმცა სუს-ში „თავისი გუნდით“ მივიდა და როგორც პირველი მოადგილის, ასევე დაზვერვის სამსახურის უფროსი შეცვალა.

ირაკლი ბერაიას თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მიმდინარე წლის 28 იანვარს აქვს შევსებული და პარლამენტის წევრობიდან მიღებული სახელფასო შემოსავლები აქვს ასახული.

დეკლარაციაში ირაკლი ბერაიას მეუღლე ხათუნა ბობოხიძე და არასრულწლოვანი შვილი ჰყავს მითითებული.

როგორც ირკვევა ხათუნა ბობოხიძე გასულ წელს შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კანცელარიის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, საიდანაც, სახელფასო ანაზღაურების სახით ხელზე წლის განმავლობაში აღებული აქვს 27 848 ლარი. თავად ირაკლი ბერაიას კი პარლამენტის წევრის თანამდებობაზე ხელფასის სახით 14 210 ლარი აქვს მიღებული.

ირაკლი ბერაია ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, რომ მისი მეუღლე ხათუნა ბობოხიძე 2 ბინას და ერთ ავტოფარეხს ფლობს. თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე 78 კვ.მ.-ის ფართის ბინა მას 2014 წელს 58 500 დოლარად, მინდელის ქუჩაზე 110.3 კვ.მ.-ის ბინა კი 2022 წელს 324 018 დოლარად აქვს შეძენილი. ამავე მისამართზე 2022 წელს ბობოხიძემ 16 215 დოლარად 15 კვ.მ.-ის ავტოფარეხიც შეიძინა.

ირაკლი ბერაიას თავის სახელზე რეგისტრირებული ქონება არ აქვს მითითებული.

პარლამენტის ყოფილ წევრს დეკლარაციის შევსების დროისთვის „ ბანკში“ ანაბარზე 42 878 ლარი ჰქონდა. ხათუნა ბობოხიძეს ანაბარზე 200 ევრო, სახელფასო ანგარიშზე კი 1 400 ლარამდე და 2000 დოლარამდე თანხა ჰქონდა განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ირაკლი ბერაია გასავალის სახით უთითებს შვილის სწავლის საფასურს 9 763 ლარს, ხათუნა ბობოხიძის სახელზე კი შემოსავლის სახით 2 500 ევროს და 5 800 ლარის შემოსავალი, რომელიც დროებით სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული სხვა პირისთვის.

წყარო