მედია: რა სარგებელს იღებენ, ივანიშვილის კარის ბიზნესმენები რეჟიმის მხარდაჭერის სანაცვლოდ? – როგორ გააქრეს სპორტის უნივერსიტეტის შენობა ვაკის პროექტიდან

“ნოდარ მელაძის შაბათის” ექსკლუზივი – რა სარგებელს იღებენ, ივანიშვილის კარის ბიზნესმენები რეჟიმის უპირობო მხარდაჭერიის სანაცვლოდ?

თბილისის საკრებულოში უკვე შევიდა ჭავჭავაძის გამზირის 49 ნომრის განაშენიანების რეგულირების შეცვლილი გეგმა – პროექტში სპორტის უნივერსიტეტის შენობა გაქრა – სართულები, რომელიც უნივერსიტეტის შენობისთვის იყო განკუთვნილი, ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ ცათამბჯენს დაამატა და  ბინებად გაყიდის, უნივერსიტეტის ადგილას კი პადელის კორტებს ააშენებს.

ვაკეში სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორია, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 93 მილიონ ლარად აქვს შეფასებული. 2022 წლის 8 დეკემბერს ქონების მართვის სააგენტომ კი, პირობიანი აუქციონის გზით, ნოშიკო ნამორაძის კომპანიას, ეს ფართობი 11 მილიონად, 82 მილიონიანი ფასდაკლებით მიჰყიდა. მაშინ ეს გადაწყვეტილება იმით გაამართლეს, რომ სანაცვლოდ ამავე მისამართზე 2025 წლის ბოლომდე ნოშრევან ნამორაძე სპორტის უნივერსიტეტს ააშენებდა, გაარემონტებდა და საჭირო ინფრასტრუქტურასაც მოუწყობდა.

ნოშრევან ნამორაძემ ჭავჭავაძის გამზირზე, 2025 წლის ბოლომდე, სპორტის უნივერსიტეტის აშენების, მისი კეთილმოწყობისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის ვალდებულება საქართველოს მთავრობის წინაშე აიღო. ეს ვალდებულება მას ისევ მთავრობამ უნდა ჩაუნაცვლოს ან მოუხსნას. მაგრამ, ისე რომ ს ჯერ ეს ნაბიჯი არ გადაუდგამს, კალაძემ განაშენიანების გეგმის შეცვლილი ვერსია საკრებულოში დასამტკიცებლად მაინც გადააგზავნა. ამ გეგმაში სპორტის უნივერსიტეტის შენობა გამქრალია.

ვალდებულების შესასრულებლად მიცემული ვადა ნამორაძეს 10 თვეში ეწურებოდა. თუმცა კალაძემ 2024 წლის 25 დეკემბერს გამოსცა დადგენილება, რომლითაც ვაკეში სპორტის უნივერსიტეტის შენობა სრულად გააქრო. ანუ გააქრო ნაგებობა, რომლის ასაშენებლადაც, ნოშრევან ნამორაძეს, ჭავჭავაძის 49 ნომერში, 26 128 219 ლარი უნდა დაეხარჯა. ნოშრევან ნამორაძემ და ოცნებაში მისმა ლობისტებმა გადაწყვიტეს, რომ ჭავჭავაძეზე, 7200  კვადრატული მეტრი მათ უფრო სჭირდებათ, ვიდრე 1938 წელს დაფუძნებულ სპორტის უნივერსიტეტს.