ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე იტალიურ-ბელგიურ ერთობლივი საწარმო იმუშავეს. შპს “ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა” ხელშეკრულება უკვე გააფორმა საერთაშორისო ტენდერით შერჩეულ “ტექნიტალი და ჰაედესთან” (JV TECHNITAL S.p.A. (Italy) and HAEDES BV (Belgium).
V TECHNITAL S.p.A
“ტექნიტალი” იტალიური საკონსულტაციო-საინჟინრო კომპანიაა, რომელიც 1964 წელს დაარსდა. ის სპეციალიზებულია მსხვილი სამუშაოების საინჟინრო მომსახურებაში და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებს.
კომპანიის ვებგვერდის თანახმად, საქმიანობის სექტორები მრავალფეროვანია და მოიცავს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას (გზები და ავტომაგისტრალები, რკინიგზა, ურბანული ტრანსპორტი, პორტები და აეროპორტები), ჰიდრავლიკას (კაშხლები, წყალსადენები, კანალიზაციის სისტემები, ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემები), საზღვაო და სანაპირო ინჟინერიას, გარემოსდაცვით და სანიტარულ ინჟინერიას, შენობებსა და არქიტექტურას.
კომპანიის მომსახურება მოიცავს სრულ სპექტრს – დაგეგმარებიდან და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებიდან დაწყებული, დეტალური დიზაინით, სამუშაოების ზედამხედველობითა და ტექნიკური დახმარებით დამთავრებული.
ორგანიზაციას საზღვარგარეთ აქვს 16 ფილიალი და შვილობილი კომპანია, მათ შორის: საქართველოში, სომხეთში, ალჟირში, ხორვატიაში, ჯიბუტიში, ერაყში, კენიაში, კოსოვოში, კატარში, ტრინიდადსა და ტობაგოში, ტუნისში, ურუგვაისა და ზამბიაში, ასევე რამდენიმე ადგილობრივ ოფისს, რომლებიც მუდმივად იცვლება მიმდინარე საერთაშორისო პროექტების შესაბამისად.
HAEDES BV
“ჰაედესი” 2020 წელს, ბელგიაში დაარსდა. ის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით და საინჟინრო-საკონსულტაციო სერვისების მიწოდებითაა დაკავებული განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა სანაპირო ინჟინერია, ოფშორული ენერგეტიკა და მდინარეების მართვა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია გასულ წელს ჩართული იყო ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერშიც. კერძოდ, ის შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ სამუშაოების დროულად, საიმედოდ და მაღალი ხარისხით შესრულების, ტექნიკური დავალების მომზადებისა და შემდგომში წარმოდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასების მიზნით დაიქირავა.