5 სექტემბერს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებებმა (POSTV, იმედი, Rustavi 2) და საინფორმაციო სააგენტოებმა (Newshub.ge, Georgia First NEWS, INFO9, მხარე • mkhare.ge, Exclusive News) გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ადგილობრივი არჩევნების წინ სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის გარდაცვალების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. მედიასაშუალებების ნაწილს გამოქვეყნებულ საინფორმაციო ბარათზე მხოლოდ გარდაცვალების შესახებ ცნობა აქვს დართული და პოსტს დეტალებისა და მიზეზების შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ურთავს.
“პოლიტიკური მკვლელობები თუ შემთხვევითობა?” – ამ ტექსტით აცნობს 5 სექტემბრის საინფორმაციო გამოშვებაში ტელეკომპანია იმედის წამყვანი მაყურებელს ახალ ამბავს, ხოლო რუსთავი 2-ის მიერ ამავე დღეს მომზადებულ სიუჟეტში აღნიშნულია, რომ მომხდარის გამო 427 მუნიციპალიტეტში არჩევნები ჩაიშალა. რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანი ამბობს, რომ კანდიდატები “თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ერთმანეთის მიყოლებით გარდაცვლილი იპოვეს”, მათგან 7 კი არის პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრი, რომელიც “ამჟამად ლიდერია გამოკითხვებით გერმანიის მთელ პოლიტიკურ სპექტრში”. საინფორმაციო სააგენტო “მხარე” წერს, რომ პოლიცია “AfD-ს ათეულობით წევრის” გარდაცვალებაში პრობლემას ვერ ხედავს.
გერმანიაში კანდიდატების გარდაცვალებას 8 სექტემბერს ასევე გამოეხმაურა პროსახელისუფლებო ექსპერტი ზაზა შათირიშვილი. მისი განცხადება პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს (1;2;3;4;5). შათირიშვილი გარდაცვალებას “დიფ სტეიტს” უკავშირებს, ამბობს, რომ შემთხვევა მაგალითია იმისა, რა ემართება “დიფ სტეიტის” მიერ კონტროლირებადი ქვეყნის მოსახლეობას, როცა საზოგადოება გონს მოსვლას იწყებს და წერს: “როგორ ჩანს, მათთან მიმართებით, “დიფ სთეითმა” ვერ გამოიყენა საკუთარი მძლავრი იარაღი – მოსყიდვა, ამ ეტაპზე არც აკრძალვა რომ არ გამოუვიდათ, პოლიტიკოსების მკვლელობას მიჰყვეს ხელი”.
გერმანიაში კანდიდატების გარდაცვალებაზე ასევე ისაუბრა პოდკასტ “უცხოს” წამყვანმა, ნიკუშა მჟავანაძემ. “ვინ მოკლა პოლიტიკოსები გერმანიაში?” – ამ სახელით გამოქვეყნებულ ვიდეოში წამყვანი ამტკიცებს, რომ “ალტერნატივა გერმანიისთვის” რიგებში 16 პოლიტიკური კანდიდატია მოკლული. ვიდეო ფეისბუქზეც გავრცელდა.