ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობისთვის პროკურატურამ ბრალი გიორგი და დავით მიქაძეებს წარუდგინა. 12 აგვისტოს პოლიციამ საქართველოს და კანადის ორმაგი მოქალაქე გიორგი მიქაძე დააკავა, ხოლო საზღვარგარეთ მყოფი დავით მიქაძე კი იძებნება. სულ 12 აგვისტოს შეკვეთილი მკვლელობაში მონაწილეობისთვის სამი პირი დააკავეს.
ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე გასროლის შედეგად მოკლეს. პროკურატურამ მკვლელობის ფაქტის ჩადენისთვის მიმდინარე წლის 17 მარტს საქართველოს მოქალაქე გელა უძილაური დააკავა. 12 აგვისტოს კი პროკურატურამ განაცხადა, რომ უძილაურმა შეკვეთილი მკვლელობა განახორციელა.
რა ბიზნესებს ფლობენ დაპატიმრებული და ძებნაში მყოფი ძმები მიქაძეები:
ბიზნესს რეესტრის თანახმად, 1974 წელს დაბადებული გიორგი მიქაძე და 1982 წელს დაბადებული დავით მიქაძე წილებს არაერთ ბიზნესში ფლობენ. მათ შორის ბიზნესმენი გიორგი მიქაძე არის “სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი – ემ|გრუპ”-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. კომპანია თბილისში 5 რესტორნის მფლობელია და მისი წლიური შემოსავალი 2023 წელს 32 მილიონ ლარს აღემატებოდა.
ასევე გიორგი მიქაძე არის კომპანია “სეგუროს” 34%-ის მფლობელი, აღნიშნული კომპანია სასურსათო პროდუქტების იმპორტსა და რეალიზაციას ახორციელებს.
მის მფლობელობაშია კომპანიები “ბეთანია 2008”-ს და “სიღნაღი 2008”-ს. მასვე ეკუთვნის 33%-ის წილი კომპანია “გრიფში”.
რაც შეეხება დავით მიქაძეს, ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ის ცხრა კომპანიის მეწილე და ორი კომპანიის დირექტორია. ამ კომპანიებს შორისაა “მაიფონი”, რომელიც კომპანიებს VOIP სატელეფონო სერვისებს აწვდის. კომპანიის ანგარიშის თანახმად, VOIP ტექნოლოგია მომხმარებელს საშუალებას აძლევს ინტერნეტის საშუალებით, კომპიუტერის ან მობილური აპლიკაციების მეშვეობით საქართველოს სატელეფონო ნომერი გამოიყენოს და განახორციელოს ან მიიღოს ზარები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. კომპანია ასევე სატელეფონო აპარატურის რეალიზაციით არის დაკავებული.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს კომპანიის შემოსავალი 2.4 მილიონი ლარი იყო.
დავით მიქაძე “მაიფონში” 45%-ის წილს 2022 წლის დეკემბრიდან ფლობს. აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ კომპანია დააჯარიმა, რადგანაც წილის შეძენაზე თანხმობის მიღების შესახებ განაცხადი “მაიფონმა” მხოლოდ მას შემდეგ გააგზავნა, რაც დავით მიქაძე კომპანიის აქციონერი გახდა.
დავით მიქაძე ასევე ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში – შპს ლისი-2014; შპს აი ინსფაიერ; შპს ჰოთ-დოგ ენდ ბურგერ; შპს ვუდენ ჰაუს; შპს დექსთ; შპს გეთფეი და შპს გრიფი.