მედია: რატომ აწყობს ივანიშვილს მზია ამაღლობელი ციხეში? – ინტერვიუ ზვიად ქორიძესთან

„მთავარი ამოცანა ჩვენი საზოგადოების არის ის, რომ რეალურად გაიაზროს, რა ფაზაში შედის ეს პროცესი და დაინახოს, რომ ეს არ არის რაღაც კარიკატურული ფორმა. ეს არის ნამდვილი დიქტატურა და ამ დიქტატურას ჩვენ მოვერევით მხოლოდ დიდი ერთობით… მზია ამაღლობელი და ნებისმიერი სინდისის პატიმარი გვახსენებს იმას, რომ დიქტატურას უნდა ვებრძოლოთ ყველგან, ყოველთვის და არ უნდა დავუშვათ მისი ბოლომდე სტრუქტურირება ამ სახელმწიფოში,“ – ამბობს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. მას ვესაუბრეთ იმაზე, თუ რატომ აწყობს ისევ მზია ამაღლობელის ციხეში ყოფნა „ოცნების“ რეჟიმს, რა სარგებელს იღებს ივანიშვილი ამით?

„თუ შევხედავთ, განწყობა შარშანდელი იანვრიდან დღემდე არ შეცვლილა… მზია ამაღლობელი არის სტიმული ყველა მოქალაქისთვის, რომელსაც უნდა იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში. მისთვის, რა თქმა უნდა, მზია არის კურსორი, მზია არის კომპასი, ვექტორი – ისევე, როგორც ნებისმიერი სინდისის პატიმარი, რადგან ეს ადამიანები დღეს არიან ციხეში იმიტომ, რომ გამოვიდნენ ქუჩაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მთელი საქართველოს სახელმწიფოებრივი ხომალდი შემოაბრუნა და ზურგით დააყენა ევროპასთან,“ – გვიყვება ზვიად ქორიძე.

რა ფასს იხდის და გადაიხდის ივანიშვილი მზია ამაღლობელის საჩვენებელი პატიმრობით? – „ბათუმელებმა“ ჟურნალისტ ზვიად ქორიძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ზვიად, თქვენი აზრით, რატომ აწყობს „ოცნებას“ მზია ამაღლობელი ციხეში? გასაგებია რატომაც დააპატიმრეს – ის კრიტიკულ მედიას წარმოადგენდა. დღეს რა გათვლებით აწყობს ივანიშვილს მზია ამაღლობელის ციხეში დატოვება, რა სარგებელს იღებს?

თუ შევხედავთ, განწყობა შარშანდელი იანვრიდან დღემდე არ შეცვლილა. გასაგებია აღიარებები, დაჯილდოებები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განსაკუთრებით წლის ბოლოს იყო დიდი რაოდენობით, მაგრამ ეს ზუსტად იმ განწყობების შედეგი იყო, რაც საერთაშორისო თანამეგობრობას, დემოკრატიულ თანამეგობრობას ჰქონდა მზია ამაღლობელისადმი. შეიძლება, თავიდან ვიღაცებს გაუჭირდა სწორი ანალიზი, კადრმა შეიძლება უფრო იმოქმედა მათზე, ვიდრე შინაარსმა, მაგრამ როდესაც ისინი ჩასწვდნენ შინაარსს და გაიგეს, რაში იყო საქმე და რა მოხდა შარშან 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში, კითხვის ნიშანი არ ჰქონიათ ამ თემაზე და ისინი იმთავითვე მიიჩნევდნენ მზიას სინდისის პატიმრად.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას ჩვენი პარტნიორები მიიჩნევდნენ მედიის წინააღმდეგ, კრიტიკული აზრის წინააღმდეგ და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად.

ქვეყნის შიგნითაც იგივე განწყობებია. მაშინაც იყვნენ ადამიანები, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებიც ამბობდნენ: კარგი, ჰო, დაარტყა, მაგრამ ახლა ამხელა სასჯელი და პრესინგი ადამიანზე არ შეიძლება, მით უმეტეს ქალზე. მაგრამ ეს არაფერს არ ცვლიდა, რადგან მთავარია ის მაგისტრალური ხაზი, რაც არჩეული აქვს ბიძინა ივანიშვილს. ის ამ ხაზიდან არ უხვევს. ეს ხაზი არის დიქტატურა.

დიქტატურას აუცილებლად სჭირდება სინდისის პატიმრები – ნებისმიერი რაღაცის გამო შეიძლება ადამიანმა გამოთქვას პროტესტი, იმოქმედოს და ნებისმიერი დიქტატორი მიიყვანს ამ ადამიანებს სატუსაღომდე. ამიტომაც, სინდისის პატიმრები თან სდევს დიქტატურას. როცა ჩვენ ვსაუბრობთ სინდისის პატიმრებზე, უნდა წარმოვიდგინოთ, ვინ აქცევს მათ სინდისის პატიმრებად – რა თქმა უნდა, დიქტატურა. დიქტატურას არ აწყობს კრიტიკული მედია.

  • მაგრამ რა ფასს იხდის ან გადაიხდის „ოცნება“ მზია ამაღლობელის საჩვენებელი დასჯით?

„ოცნება“ ჩახარშა საკუთარ წვენში ბიძინა ივანიშვილმა. ამ „ოცნებისგან“ არაფერი არ გამოვა. ეს „ოცნება“ ასეთი იქნება, როგორიც არის. სამწუხაროდ, ეს არ არის ქართული საზოგადოების ოცნება, რომ ასეთი სახელმწიფო მიიღოს. ამ „ქართული ოცნების“, ამ პოლიტიკური, თუ რაღაც კრიმინალური ჯგუფის ინტერესია იზოლირებული, გამოკეტილი ქვეყანა. ასეთი ქვეყანა უნდა ბიძინა ივანიშვილს. საკუთარ დიქტატურას დემოკრატიულ თანამეგობრობაში, ან ნებისმიერი ტიპის ღია ურთიერთობებში ვერ დაამყარებს.

ბიძინა ივანიშვილისთვის დიქტატურა ხელმისაწვდომია მხოლოდ იზოლირებულ სახელმწიფოში. ის იქნება ჩაკეტილი გარე ურთიერთობებში და ის იქნება შიგნითაც ჩაკეტილი საზოგადოება. მხოლოდ ასეთ პირობებში შეძლებს ის, გაამყაროს ბოლომდე თავისი ავტორიტარული ძალაუფლება. ხვალ და ზეგ შეიძლება ესეც აღარ დასჭირდეს და მოიშოროს ან სხვანაირად გარდაქმნას.

მთავარია, რომ ამ ადამიანებმა – წინა ფორმაციის „ქართული ოცნების“ ჯგუფმა, დღევანდელი ფორმაციის თუ ხვალ რომ იქნება, იმ ფორმაციის „ოცნების“ დაჯგუფებამ ერთადერთი რამ უნდა შეასრულოს: ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება უნდა განამტკიცონ და უნდა დაარწმუნონ ის, რომ მის დიქტატურას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

დააკვირდით, არც ფიქრობს , რომ რაიმე ტიპის ჰუმანიზმი, სამართლიანობა, თუნდაც ანგარიშიანობა უნდა გამოიყენოს ამ ადამიანების მიმართ.

  • მათ შორის, პოლიტიკურ ფასსაც არ გაუწიოს ანგარიში, რის გადახდაც უწევს ივანიშვილის იგივე „მზია ამაღლობელის საქმისთვის“?

რა თქმა უნდა. ივანიშვილმა იცის, რომ ის დემოკრატიულ თანამეგობრობასთან შედის წინააღმდეგობაში, მაგრამ მას ასე ურჩევნია.

ჩვენ ასე არ უნდა დავინახოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი იმიტომ არის გაბრაზებული, რომ ის დაასანქცირეს, რომ მან თითქოსდა მოიგო რაღაც საქმეები საბანკო ორგანიზაციებთან, მაგრამ ფულს არ აძლევენ და ამის გამო ახლა მათ ევაჭრება. ივანიშვილმა ზუსტად იცოდა, რას გააკეთებდა საქართველოში, რისთვისაც მან ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. აი ეს მოუტანდა მას ასეთი ტიპის შედეგებს.

ის თვალთმაქცობდა, შემდეგ გადავიდა უკანა პლანზე, ფარდის მიღმა: მე რა შუაში ვარ, ხელისუფლებაში ხომ არ ვარ, მაგრამ ბოლოს თვითონვე იძულებული გახდა, რომ არ დაემალა, ის არის დიქტატორი ამ ქვეყანაში. 2023 წლის აპრილში ივანიშვილი ღიად გამოვიდა, თავისი ფაშისტური, ავტორიტარული სიტყვა წარმოთქვა და ღიად უთხრა მთელ სამყაროს: მე ვარ აქ დიქტატორი, ისე მოვაწყობ საქართველოს, როგორც მინდა.

ამის შემდეგ იწყება ზუსტად რუსული კანონების კასკადი, არა მხოლოდ ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ, მთელი ეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არის დაფუძნებული რუსული ტიპის ავტორიტარიზმზე, ჩაკეტილობაზე, იზოლაციონიზმზე, ანტიევროპულობაზე, ანტიდასავლურობაზე. ამ ბრძოლაში ვინც დადგება მის წინააღმდეგ, ის ყველას გაწირავს, ყველას გამოკეტავს საპყრობილეში.

უკვე ადამიანებს იჭერს იმის გამო, რომ ისინი დგანან ტროტუარზე. მნიშვნელობა არა აქვს, ტროტუარზე ვაპროტესტებ თუ ვდგავარ. თანაც, ყველაზე ფართო, ორმხრივი მიმართულებით სამოძრაო, უზარმაზარი ტროტუარია ხომ პარლამენტთან? აი, იმ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანები მიდიან საპყრობილეში. ხვალ რომ დაიჭერენ მეორედ, განმეორებით, უკვე სისხლის სამართლის გზით წავლენ ისინი საპყრობილეში. ეს უკვე რეალური სახეა.

ივანიშვილს ზუსტად ისე წარმოუდგენია მმართველობა, როგორც ამბობს. ის ხომ არ მალავს, არ თვალთმაქცობს – რასაც ფიქრობს, როგორი საქართველოც უნდა რომ შექმნას, ამაზე ის სხვადასხვა ინტერვიუში საუბრობს. ის მართლა ასე ფიქრობს, ასეთ ქვეყანას აწყობს და ამ ქვეყნის აუცილებელი ატრიბუტია სინდისის პატიმრები.

  • როგორ ეხმარება მზია ამაღლობელი წინააღმდეგობის პროცესს საქართველოში? როგორ ჩანს, ასევე, დასავლეთის თვალში „მზია ამაღლობელის საქმე“?

ყველაზე მთავარია ჩვენი თვალი, ჩვენი საზოგადოების განწყობები. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის მზია არის გმირი, მზია არის მებრძოლი, გაუტეხელი და მართალი ადამიანი. ის არის სტიმული ყველა მოქალაქისთვის, რომელსაც უნდა იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში. მისთვის, რა თქმა უნდა, მზია არის კურსორი, მზია არის კომპასი, ვექტორი – ისევე, როგორც ნებისმიერი სინდისის პატიმარი, რადგან ეს ადამიანები დღეს იმიტომ არიან ციხეში, რომ გამოვიდნენ ქუჩაში მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მთელი საქართველოს სახელმწიფოებრივი ხომალდი შემოაბრუნა და ზურგით დააყენა ევროპასთან. ამიტომაც გამოვიდა ეს ხალხი ქუჩაში, გაუწიეს წინააღმდეგობა, ამას აპროტესტებდნენ და ამიტომ მოხვდნენ ისინი საპყრობილეში.

ჩვენი სინდისის პატიმრები ჩვენი საზოგადოების სინდისია.

ისინი თავისი მოსაზრებების გამო ისჯებიან და ამიტომ ჰქვიათ მათ სინდისის პატიმრები, ისინი არიან ჩვენი საზოგადოების სინდისი. ამ ადამიანებმა რეალურად საკუთარი თავი, თავისუფლება, საკუთარი უსაფრთხოება დადეს სასწორზე და ისინი დღეს იტანჯებიან ივანიშვილის პირად სატუსაღოში. ამიტომაც, ჩვენი საზოგადოების, თითოეული ჩვენგანისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია მათი აი ეს გაუტეხლობა, ეს სულისკვეთება და მეორე მხრივ თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს მათი ბედი.

ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ თუ ჩვენი მიზანი არის ბრძოლა დიქტატურის წინააღმდეგ და საქართველოს გათავისუფლება ამ იზოლაციონისტური დიქტატურისგან, მაშინ ეს ხვედრი შეიძლება ყველა მოქალაქეს დაემუქროს საქართველოში.

  • ვინც გააპროტესტებს და შეეწინააღმდეგება დიქტატურის დამყარებას? 

რა თქმა უნდა. ბიძინა ივანიშვილი სწორედ ასე უყურებს საქართველოს მოქალაქეებს – ის რაოდენობრივად გვთვლის, უყურებს იმას, თუ რა დასჭირდება, მაგალითად, ეკონომიკურად? მთლიანი შიდა პროდუქტის ამაღლებას დასჭირდება უფრო ცოტა მოსახლეობა – პირდაპირ გვეუბნება, წადით ამ ქვეყნიდან, არ არის თქვენი ადგილი ამ ქვეყანაში. ისედაც უნდა, რომ წავიდნენ განსაკუთრებით ახალგაზრდები – მათი სულისკვეთება არ მოსწონს, ხელს უშლის. რაც უფრო „დაბერებული“ იქნება ასაკობრივად ქართული საზოგადოება, მით მეტად მისი მორჩილი იქნება. შესაბამისად, ნაკლები რესურსების დახარჯვა მოუწევს ავტორიტარიზმზე. ივანიშვილი ამ ყველაფერს თვლის, ანგარიშობს.

ყველა ადამიანი ფიქრობს იმაზე, რომ აი, როცა კრიტიკული მომენტი დგება, ღირს ამის გამო წავიდეს ციხეში? იწყებს ფიქრს და ამბობს: მირჩევნია, საერთოდ წავიდე ამ ქვეყნიდან.

მთლიანობაში, ასე ყალიბდებოდა დიქტატურები. ახლა არის დიქტატურის სტრუქტურირების, ბოლომდე ჩამოყალიბების პროცესი, რაც არ უნდა ვაცადოთ ბიძინა ივანიშვილს. მან თუ ეს პროცესი დაძლია, გადავა შემდეგ ეტაპზე, უფრო რეაქციულ ქმედებებზე.

  • ამ პროცესში მას არ სჭირდება მინიმუმ საკუთარი ამომრჩევლის მხარდაჭერა? „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ივანიშვილის დაჯგუფება საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს მზია ამაღლობელი დავალებას ასრულებდა, მის მობილურ ტელეფონში კი, „ოცნების“ პროკურატურამ „დიფ სთეიტი“ ვერ იპოვა. 

რატომ ვუშვებთ ამ ვარიანტს, რომ ბიძინა ივანიშვილს დღეს ამომრჩეველი საერთოდ აინტერესებს?

ბიძინა ივანიშვილმა 2020-ის, განსაკუთრებით კი, 2024 წლის არჩევნებზე გვითხრა, რომ სულ არ მაინტერესებს მილიონი იქნებით, მილიონ-ნახევარი თუ ორი მილიონი, რამდენიც არ უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე, დავწერ იმ პროცენტს, რაც მე მინდაო.

ივანიშვილი საკუთარ ძალაუფლებას ამყარებს რეპრესიულ მანქანაზე. ვხედავთ, რომ დღეს მას ჰყავს პოლიცია, რომელიც ყველაფერზე მიდის – ნადირობს ქუჩაში ადამიანებზე. დღეს მას ჰყავს სუსი, რომელიც მიდის ყველაფერზე, რასაც დაავალებს დიქტატორი. დღეს მას ჰყავს სასამართლო, სადაც ყველა ტიპის უმსგავსო გადაწყვეტილებას აწერენ ხელს მოსამართლეები, უკვე ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს უშვებენ საპატიმროში. ეს რეპრესიული მანქანა მას გამართული აქვს.

ივანიშვილმა უთხრა ქართულ საზოგადოებას: თუ დამჭირდება, თქვენს წინააღმდეგ გამოვიყენებ ქიმიურ იარაღს, თუ უფრო მეტად გამიჭირდება, მე თქვენ გესვრით – გესვრით არა სათამაშო ტყვიებს, არამედ ნამდვილ ტყვიებს, მოგკლავთ! ის ამას ამბობს.

მთავარი ამოცანა ჩვენი საზოგადოების არის ის, რომ რეალურად გაიაზროს, რა ფაზაში შედის ეს პროცესი და დაინახოს, რომ ეს არ არის რაღაც კარიკატურული ფორმა. ეს არის ნამდვილი დიქტატურა და ამ დიქტატურას ჩვენ მოვერევით მხოლოდ და მხოლოდ დიდი ნაციონალური ერთობით. ისეთი მერკანტილური, თუ ვიწრო პოლიტიკური გაანგარიშებები: აი, ამასთან ვიქნები, ამასთან არ ვიქნები – ეს ყველაფერი ხდება უკვე ფიქცია. აი, ასეთი პოლიტიკური მანიპულაციები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ამ დიქტატურის გაძლიერებას, მეტს არაფერს.

დღეს ჩვენ მზია და ნებისმიერი სინდისის პატიმარი გვახსენებს იმას, რომ დიქტატურას უნდა ვებრძოლოთ ყველგან, ყოველთვის და არ უნდა დავუშვათ მისი ბოლომდე სტრუქტურირება ამ სახელმწიფოში.

ყველა ტიპის დიქტატორს ჰყავს თავისი ადეპტები, მორჩილი ხალხი. საზოგადოებაში აუცილებლად იქნება რაღაც ნაწილი, რომელიც მორჩილია და დამყოლი, რომელმაც შეიძლება დაიჯეროს ისეთი ცრუპენტელური დაპირებებიც, რომ თურმე სუსი შევა სუპერმარკეტში და გაიაფდება პროდუქტები. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ რეალურად ქვეყანაში იქნება დეფიციტი პროდუქტის, ამიტომ საჭიროა ამ პროდუქტების მარაგების ცოდნა.

დააკვირდით, რომელი უწყება დაინტერესდა – უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სტრუქტურა დაინტერესდა იმით, რომ დაადგინოს ქვეყანაში სურსათის მარაგები. ხვალ ალბათ რაღაც გარკვეულ ფიქსირებულ ფასებზე გადაიყვანს სავაჭრო ქსელებს, ზეგ შეიძლება რაღაც ფონდები შექმნას და დაიწყოს საუბარი იმაზე, როგორ გაანაწილოს, იმიტომ რომ ობიექტურად შეექმნება მას ეს პრობლემები, მაგრამ ის პროპაგანდისტული მედიით შეეცდება ბოლომდე დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ჩვენ გვეებრძვის მთელი დასავლეთი, ასეთი მექანიზმებით უნდა მოვიჭიროთ ქამრები და გავუძლოთ, იმიტომ, რომ დასავლეთი გაგვანადგურებს, გაგვრყვნის და ასე შემდეგ. აი, ეს არის მისი მთავარი კონცეფცია.

ჩვენი ამოცანაა არა ის, რომ დავაკვირდეთ ამ პროცესებს, არამედ ვიბრძოლოთ, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გათავისუფლდეს დიქტატურისგან.

მოქალაქეებმაც, რომლებიც ხანდახან ქილიკობენ: არაფერს აზრი არ აქვს, აი, ნახე რა ცოტა ადამიანი დარჩა რუსთაველზე,  ბათუმში, ან ზუგდიდში მიტინგებზე… უფრო ცოტანი დარჩებიან, თუ უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს ასე საუბარს. პირიქით, დღეს მთავარი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოხატოს პროტესტი ღიად, გაუწიოს წინააღმდეგობა ღიად და, რა თქმა უნდა, ქვეყანა დააბრუნოს დემოკრატიული განვითარების კალაპოტში.

  • ივანიშვილს არ აინტერესებს არც სტრასბურგის სასამართლოში საქმის წაგება? ამის შანსი იზრდება, თანაც ევროსასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა კლუნების ფონდის ანგარიშში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგის შესახებ თქვა, რომ „გამოვლინდა უფლებათა საერთაშორისო სტანდარტის მრავალი დარღვევა“. 

ივანიშვილი ყველაფერს ზომავს იმ საჭიროებით, რაც მას სჭირდება და არა იმით, შენ რა გჭირდება, მოქალაქეს. შენ, რა თქმა უნდა, გჭირდება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, როგორც მაღალი დემოკრატიული და სამართლიანი სტანდარტების სასამართლო. ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში თუ გეპარება ეჭვი, გაასაჩივრებ და იქ იპოვი სამართალს, მაგრამ ამისთვის სჭირდება ბიძინა ივანიშვილს ეს?

ყველა ეს ევროპული მექანიზმი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასარგებლოა, მოქალაქეებისთვის, საზოგადოებისთვის, მაგრამ დიქტატურას ყოველთვის აქვს იმის რესურსი, ამას არ გაუწიოს ანგარიში და არ შეასრულოს.

ამიტომაც, არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ყველა ეს საგარეო ფაქტორი, მიღწევები გამოვიყენოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავუსწოროთ თვალი სიმართლეს და ვთქვათ, რომ ჩვენი ამოცანაა, ქვეყნის შიგნით ბრძოლით და თანამიმდევრული მოქმედებებით დავანგრიოთ დიქტატორული ვერტიკალი, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილის დიქტატურა უნდა დაემხოს – აი, ეს უნდა იყოს ქართული საზოგადოების მთავარი მიზანი.

ივანიშვილი პერიოდულად გვთავაზობს პოლიტიკურ მანიპულაციებს, ამჯერად გვეუბნება, რომ აი, ეხლა ფასებს მოაწესრიგებს იმიტომ, რომ თურმე ნაცები არიან მოკალათებული სუპერმარკეტებში, საბოტაჟს ეწევიან და რომ თურმე დიალოგია საჭირო – რაღაც სოკრატეს პოზიციიდან გამოიყვანა . ეს ყველაფერი არის მისგან შემოთავაზებული სათამაშოები და ამ სათამაშოებს ჩვენ ავყვებით თუ არ ავყვებით – ეს არის ჩვენს სიმწიფეზე დამოკიდებული.

როგორ შეიძლება პოლიტიკურ დებატებზე ელაპარაკო მთავრობას, როდესაც იგივე მთავრობა აი, ამ პოლიტიკური დებატების შემოთავაზების მეორე დღეს ადამიანებს იჭერს და სვამს ციხეში ტროტუარზე დგომის გამო? გეუბნება, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი იმისთვის მჭირდება, რომ შენი ბრაზის ტემპერატურა დავწიო, შენი ბრძოლისუნარიანობის ტემპერატურა დავწიო, ცოტა დაგაბლაგვო და გითხრა, მოდი, ეხლა ვითამაშოთ პოლიტიკანობა. მაგრამ პოლიტიკანობის თამაში, არჩევნების თამაში, ყველა მექანიზმი არის მის ხელში. ის, რა თქმა უნდა, ამ თამაშებს ყოველთვის მოიგებს.

ამიტომაც, როდესაც ვლაპარაკობთ ივანიშვილის დიქტატურაზე და მის წინააღმდეგ ბრძოლაზე, თუნდაც ჩვენი 35-წლიანი გამოცდილების სხვადასხვა ეტაპზე როგორ ვმოქმედებდით და როგორ ვაღწევდით წარმატებას ან როგორ ვმარცხდებოდით – ამას არ აქვს მნიშვნელობა, აღარ გამოგვადგება, იმიტომ, რომ ასეთი მოცემულობა ჩვენ არ გვქონია. დღეს ერთადერთი მხარდამჭერი და პოზიტიურად შემფასებელი ივანიშვილის დიქტატურის არის რუსეთის ხელისუფლება, რომელიც აქტიურად არც ერევა ამ პროცესებში – თითქოს არც ჩანს ამ პროცესებში. მხოლოდ მხარს უჭერს. რატომ? – იმიტომ, რომ მან ზუსტად იცის, რომ ასეთი იზოლაციონისტური, ავტორიტარული მმართველობის პირობებში საქართველო არის ძალიან კარგი და მისაღები ლუკმა რუსეთისთვის.

ასეთი საქართველო ვერ იპოვის დასავლურ ცივილიზაციაში თავის ადგილს და ის დარჩება, რა თქმა უნდა, რუსეთის საკბილო. ძალიან კარგად იცის რუსეთმა, რომ საქართველო იქნება ღარიბი, კორუმპირებული, გაუნათლებელი, ჩაკეტილი საზოგადოება, რომელსაც ეყოლება ივანიშვილი დიქტატორად.

ეს არის საუკეთესო პროექტი, რაც კი შეიძლება კრემლს ოდესმე მოეფიქრებინა საქართველოსთვის.

წყარო