გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა.
მათი ინფორმაციით, “როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს”.
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული Credit Suisse-თან სინგაპურში დავის შედეგად მოგებულ თანხას ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ სახაზინო დეპარტამენტმა მიერ გამოცემულ “გენერალური ლიცენზია #116“-ში.
გუშინ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით უამრავი კითხვა დაისვა – შეეხო თუ არა სანქციები ივანიშვილის ოჯახს და ზოგადად, რას ნიშნავს OFAC-ის სანქცია?
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ბესო ნამჩევაძე, 27 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით განმარტებას აქვეყნებს:
“ამერიკის სახელმწიფო ხაზინამ (იქაური ფინანსთა სამინისტრო) ბიძინა ივანიშვილი შეიყვანა უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) სანქცირებულთა სიაში (SDN)სანქციები არის ინდივიდუალური, ანუ დასანქცირდა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და არა მისი ოჯახის წევრები.
სანქცია გულისხმობს აშშ-ში მისი აქტივების გაყინვას და მასთან ნებისმიერი ტრანზაქციების შეწყვეტას. დასანქცირების პარალელურად OFAC-მა გამოსცა ლიცენზია, რომლის თანახმად სანქციები არ ვრცელდება არც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ კომპანიებზე. გამონაკლისის სახით სანქციები გაავრცელეს რუსეთთან დაკავშირებულ შესაძლო ტრანზაქციებზე და “კრედიტ სვისთან” დავის ფინანსურ შედეგებზე.
სანქციას თან ახლავს ჩანაწერი Secondary sanctions risk-ზე, რაც ძალიან მკაცრი მიდგომაა. ეს გულისხმობს, რომ ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ვინც ივანიშვილთან რაიმე ტრანზაქციას განახორციელებს, აშშ-ს მხრიდან “დაიბლოკება” (შეეზღუდება წვდომა აშშ-ს ფინანსურ რესურსებზე, დოლარზე, ამერიკულ კომპანიებზე და სერვისებზე)
რატომ არ შეიყვანა აშშ-მა ივანიშვილი მაგნიტსკის სიაში, როცა ამის საფუძვლებიც არსებობს?
მაგნიტსკის სია არის ძალიან მკაცრი და ამავე დროს სადამსჯელო, მისი მიზანი არ არის დასანქცირებულ პირს ქცევა შეაცვლევინოს, შეაჩეროს. მისი მიზანი სამუდამო დასჯაა.