მედია: რას ნიშნავს მოსამართლეების სიჩუმე, როცა ექს-მოსამართლე ჰყვება, რომ კაბინეტში გამოკეტეს

„ყოფილი მოსამართლის ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ არ ყოფილა გამოხმაურება უშუალოდ იმ პირების მიერ, იმ პირთა ჯგუფის მიერ, ვინც იყო ამ პროცესებში ჩართული, მათ არ უარუყვიათ ეს ფაქტობრივი გარემოებები. ერთგვარი დუმილი შეიძლება საზოგადოებამ აღიქვას თანხმობად, ვინაიდან იურიდიულ ლიტერატურაში დუმილი განიხილება, როგორც დადასტურებად, თუ ამის უარყოფა უშუალოდ ამ პირების მხრიდან არ მოხდება,“ – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

მას მოსამართლეების რეაქციაზე ვკითხეთ იმ დროს, როცა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ჰყვება, როგორ გამოკეტეს, მაგალითად, მოსამართლეები კაბინეტში, ვიდრე „ოცნებისთვის“ მისაღებ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის საუბრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი 2025 წლის 2 ოქტომბერს იურისტმა კახა წიქარიშვილმა გაავრცელა. ყოფილი მოსამართლე ჰყვება, რომ მას კონკრეტული საქმეების განხილვის დროს „ქართული ოცნება“ და სასამართლო კლანის წევრები სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, ქრთამი შესთავაზეს, ქირურგიული ოპერაციის ჩატარება აიძულეს და თვითმკვლელობის მცდელობაც ჰქონდა.

მოსამართლეები, რომლებიც ბესარიონ ალავიძესთან ერთად განიხილავდნენ სხვადასხვა საქმეს უზენაეს სასამართლოში – მათ შორის, ყველაზე გახმაურებული „რუსთავი 2“-ის საქმეა – დღეს დუმილს ამჯობინებენ. სიჩუმეს ამჯობინებენ ყოფილი მოსამართლეებიც. რამდენიმე მოსამართლემ კი უარყო ყოფილი კოლეგის – ბესარიონ ალავიძის მონაყოლი.

რას ნიშნავს მოსამართლეების დუმილი? – „ბათუმელებმა“ იურისტ გიორგი ხიმშიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო გიორგი, რას ნიშნავს სამართლებრივად, როცა  უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე საუბრობს კონკრეტულ დანაშაულებზე სასამართლო სისტემაში, მოსამართლეების მიმართ მუქარაზე, ქრთამის შეთავაზებაზე და ასე შემდეგ, მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების დიდი ნაწილი კი, დუმილს არჩევს?

ცხადია, ბესარიონ ალავიძის ამ ვიდეოჩანაწერს ვუსმინე ყურადღებით. პირველი, რასაც აჩვენებს ეს ჩანაწერი, არის სასამართლო სისტემაში ერთგვარი კორპორაციული მმართველობის ელემენტების დადასტურება, რაზეც წლებია საუბრობს სამოქალაქო საზოგადოება, იურისტები.

რაც შეეხება გარკვეულ საქმეებზე მომხდარ ფაქტებს, ეს, რა თქმა უნდა, გამოძიების საგანი უნდა გახდეს. აქ საუბარია უმაღლესი სასამართლო ინსტანციის მოსამართლეზე, რომელმაც ისაუბრა ფაქტობრივ გარემოებებზე. ამ ფაქტების შემოწმება, ცხადია, უნდა მოხდეს გამოძიების შედეგად.

გამოჩნდა ძალიან რთული სურათი: მმართველობა სასამართლო სისტემაში არ არის დაფუძნებული კანონის უზენაესობაზე, იმ ღირებულებებზე, რასაც უნდა ეფუძნებოდეს სასამართლო სისტემა იმისათვის, რომ მის მიმართ საზოგადოების სანდოობა მაღალი იყოს. სასამართლო სისტემა განსაზღვრავს სახელმწიფოებრივ განვითარებას. მოსამართლე, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მტკიცე თავის პროფესიული მოვალეობის განხორციელების დროს, ის შეიძლება აღმოჩნდეს აბსოლუტურად დაუცველი.