წალკაში, ცოფის გავრცელების საშიშროების გამო, კარანტინი გამოცხადდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცოფით დაავადებული მელა ოთხმა უპატრონო ძაღლმა დაგლიჯა.
მათივე განცხადებით, დაავადების გავრცელების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით, წალკის მუნიციპალიტეტში, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხისშემცველ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა და საკარანტინო ღონისძიებები დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, საკარანტინე ღონისძიებები მოიცავს ინფექციის კერის დეზინფექციას, დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაციას, ცხოველთა გადაადგილებაზე ზედამხედველობას, ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირებასა და თავშესაფარში გადაყვანას.
როგორია წალკის მოსახლეობის რაოდენობა
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა. გთავაზობთ აღნიშნულ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით.
ბოლო, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, წალკაში მოსახლეობის რაოდენობა 20.2 ათასს შეადგენდა, რაც 2001 წლის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია.
თუ შევადარებთ 1994 წლის მონაცემებს („საქსტატზე“ მონაცემები 1994 წლიდან არის ხელმისაწვდომი), მოსახლეობის რაოდენობა 2.4-ჯერ შემცირდა. კერძოდ, 1994 წელს წალკის მოსახლეობა 49 ათასს შეადგენდა.
2025 წლის იანვრისთვის საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 3.704 მილიონს აჭარბებდა. მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 0.5% წალკაში ცხოვრობს.



