“მითების დეტექტორმა” გამოვალინა დამატებითი ორი ადამიანი, რომელთა ფოტოებსაც პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები ჩვენ მიერ წარსულში ტროლად იდენტიფიცირებული ფეისბუქ-ანგარიშის, ქეთევან მიქიაშვილის შეფასებების გაშუქებისას იყენებს. ამ დრომდე მიქიაშვილმა საკუთარ ანგარიშზე გვარი სამჯერ შეცვალა – თავდაპირველად თოლორაია იყო, შემდგომ ტურიაშვილი, ამჟამად კი პოსტებს მიქიაშვილის გვარით ავრცელებს. ის წარსულში OK.ru-ს რუსულენოვანი მომხმარებლის ფოტოს იპარავდა.
2025-2026 წლებში სხვადასხვა დროს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე საინფორმაციო სააგენტოებმა, XNews-მა (1;2;3) და NSP-მ თავიანთ გვერდზე არქეოლოგ ქეთევან ტურიაშვილის განცხადებები გაავრცელეს, რომლებიც აღნიშნული პირის ფეისბუქ პოსტებს ეყრდნობოდა. განცხადებები ოპოზიციის, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირებისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგაა მიმართული და თანხვედრაშია ხელისუფლების პოზიციასთან.

რეალურად, ფოტოები, რომლებსაც მედია ქეთევან ტურიაშვილის ფეისბუქ პოსტების გაშუქებისას იყენებს, სხვა ადამიანებს ეკუთვნით. ერთ ფოტოზე მედია მკვლევარი თათია კობიძეა ასახული, ხოლო მეორეზე – დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი.
ვის ფოტოს იყენებს NSP.ge?
ფოტო, რომელსაც NSP.ge საჯარო სამსახურში ხელფასების გაზრდის შესახებ ქეთევან ტურიაშვილის ციტატის გავრცელებისას იყენებს, რეალურად მედიამკვლევარს, თათია კობიძეს ეკუთვნის. მას ფოტო ფეისბუქზე 2025 წლის 7 ოქტომბერს აქვს გამოქვეყნებული. NSP-ის სტატია კი 2026 წლის 21 იანვრით თარიღდება.




