მედია: პუტინი 60 ათას ტონიან ყოფილ „თბილისს“ ჯართში ჩააბარებს?

ისევე როგორც ადამიანებს ბედში არ უმართლებთ, საზღვაო ხომალდებსაც ხშირად არ სწყალობთ ფორტუნა და ერთ-ერთ ასეთს წარმოადგენს პირველი საბჭოთა და შემდგომში რუსული ავიამზიდი „ადმირალი კუზნეცოვი“, რომელიც შვიდწლიანი გაჭიანურებული და ძალზე ძვირადღირებული რემონტის მიუხედავად, შეიძლება უბრალოდ დაჭრან და ჯართში ჩააბარონ…

საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტის რიგებში პირველი ავიამზიდების გამოჩენის ძალიან დიდი სურვილი ჯერ კიდევ სტალინს ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა, ხრუშჩოვმა პირიქით, დააჭრევინა კრეისერებიც კი და მხოლოდ ბრეჟნევის ხანაში დაიწყო პირველი საბჭოთა სრულფასოვანი ავიამზიდის შექმნა, რომლის ტრამპლინიანი გემბანიდანაც საბრძოლო თვითმფრინავებს გარბენით შეეძლებოდათ აფრენა-დაფრენა (მანამდე აგებულ რამდენიმე მომცრო საბჭოთა ავიამზიდ კრეისერზე მხოლოდ შვეულად აფრენა-დაფრენის უნარის მქონე „იაკები“ და შვეულმფრენები ბაზირებდნენ).

1982 წლის 1 სექტემბერს საბჭოთა უკრაინის ნიკოლაევის გემთმშენებელი ქარხნის სტაპელებზე დაიწყო ყველაზე დიდი საბჭოთა სამხედრო ხომალდის-მძიმე ავიამზიდი კრეისერის „საბჭოთა კავშირის“ მშენებლობა, თუმცა სამიოდე თვეში გარდაიცვალა საბჭოთა ლიდერი და მის საპატივცემულოდ მშენებარე ავიამზიდს სახელი გადაარქვეს-„ლეონიდ ბრეჟნევად“ გადანათლეს.

1985 წელს ეს, 60 ათასი ტონა წყალწყვისა და 306 მ სიგრძის გემბანის მქონე ავიამზიდი წყალში ჩაუშვეს და მისი გამოცდები შავ ზღვაში დაიწყო.

1987 წლის 11 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის მაშინდელმა ხელისუფლებამ გორბაჩოვის მეთაურობით, აღარ მოინდომა, რომ პირველ საბჭოთა ავიამზიდს „ლეონიდ ბრჯნევის“ სახელი ეტარებინა და ხომალდს მეორედ შეუცვალეს სახელი, ამჯერად…„თბილისი“ უწოდეს.

თუ რატომ მაინცდამაინც „თბილისად“ გადანათლეს ძნელი სათქმელია, თუმცა სავარუდოდ იმიტომ, რომ მანამდე საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში მიღებულ შვეულმფრენმზიდ ხომალდებს ერქვათ „მოსკვა“, „“, „ბაქო“ და ეტყობა თბილისის ჯერიც დადგა…

1989 წლის 1 ნოემბერს შავ ზღვაში მცურავი „თბილისის“ გემბანზე პირველად დაეშვნენ და შემდეგ აფრინდნენ МиГ-29К, Су-27К და Су-25УТГ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები.

9 აპრილის ტრაგედია თბილისში უკვე მომხდარი იყო, საბჭოთა გენერალიტეტის მიმართ საქართველოს საზოგადოების განწყობა მკვეთრად უარყოფითი გახდა და ალბათ ამანაც ითამაშა როლი, რომ 1990 წლის 4 ოქტომბერს ამ ავიამზიდს მესამედ გადაარქვეს სახელი და ბორტზე „საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი კუზნეცოვი“ დააწერეს.

ერთი წლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიის ოფიციალურად დაშლამდე ერთი თვით ადრე, 1991 წლის 30 ნოემბერს ნიკოლაევში ბაზირებული პირველი საბჭოთა ავიამზიდი საზღვაო მანევრების საბაბით შუა ზღვაში გაიყვანეს და მოულოდნელად გეზი ბოსფორისკენ აიღეს-ეს იყო კრემლის მიერ წინასწარ მომზადებული გეგმა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ავიამზიდი დამოუკიდებელი უკრაინის ხელში არ აღმოჩენილიყო.

თურქეთმა ხელი არ შეუშალა „ადმირალ კუზნეცოვის“ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით ხმელთაშუა ზღვაში გასვლას, რადგან შავი ზღვის აკვატორიიდან საბჭოთა/რუსული ავიამზიდის მოშორება ოფიციალური ანკარის ინტერესებშიც შედიოდა.

„ადმირალი კუზნეცოვი“ ს ჩრდილოეთ ფლოტის შემადგენლობაში ჩაირიცხა და გახდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ფლაგმანი.

ავიამზიდზე ბაზირებდა Су-33 ტიპის საგემბანო საბრძოლო თვითმფრინავების პოლკი, რომლის მეთაურიც გახლდათ პოლკოვნიკი თემურ აფაქიძე, რომელიც წარდგენილი იქნა საბჭოთა კავშირის გმირობაზე, რადგან 1991 წლის 26 სექტემბერს სამხედრო მფრინავებიდან პირველმა განახორციელა ავიამზიდზე Су-27К საგემბანო საბრძოლო თვითმფრინავის (რომელსაც მოგვიანებით Су-33-ი ეწოდა) დაჯდომა და აფრენა.

თუმცა, მაშინ აფაქიძისთვის საბჭოთა კავშირის გმირობის მინიჭება ვეღარ მოესწრო, სამაგიეროდ 1995 წელს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის გმირის ვარსკვლავი, საგემბანო ავიაციის პოლკის საბრძოლო მომზადებასთან დაკავშირებით.

თავად აფაქიძეს, რომელმაც 2000 წელს გენერალ-მაიორის წოდება მიიღო და დაწინაურდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდლის მოადგილემდე, სამასზე მეტი დაშვება-აფრენა ჰქონდა განხორციელებული „ადმირალ კუძნეცოვის“ გემბანიდან და ყველაზე მომზადებულ მფრინავად ითვლებოდა რუსეთის საგემბანო ავიაციაში, თუმცა 2001 წლის 17 ივლისს ფსკოვთან საჩვენებელი ფრენების დროს განხორციელებული რთული პილოტაჟის დროს მისი Су-33-ი ვეღარ გამოვიდა ვირაჟიდან და მიწას შეასკდა. გენერალი აფაქიძე დაიღუპა.

„ადმირალ კუზნეცოვს“ ჰქონდა რამდენიმე გადასვლა ატლანტიკის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაში, მათ შორის 2016-2017 წლებში, როდესაც მისი გემბანიდან აფრენილი რუსული თვითმფრინავები საჰაერო დარტყმებს აყენებდნენ სირიის ტერიტორიაზე მოქმედ „ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებულ რაზმებს.

ავიამზიდის გემბანიდან სულ 420 საბრძოლო გაფრენა განხორციელდა. ორჯერ ზღვაში ჩავარდნენ МиГ-29К და Су-33 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, რომელთა გემბანზე დაჯდომა ვერ მოხერხდა.

უკან, რუსეთის ჩრდილოეთ ზღვისკენ გამობრუნებული „ადმირალ კუზნეცოვის“ საკვამლე მილებიდან ისეთი შავი ფერის კვამლი ამოდიოდა, რომ ლა მანშის ყურის გავლისას, ნატოს ფლოტის დასაცინი გახდა.

2017 წლის ოქტომბრიდან დაიწყო „ადმირალ კუზნეცოვის“ კაპიტალური რემონტი, რომლის პერიოდშიც ჩაიძირა ის მშრალი დოკი, რომელშიც ეს ავიამზიდი იდგა და ისიც კინაღამ ზღვის ფსკერზე გაიყოლა-დოკის ამწე ჩამოვარდა და ავიამზიდის გემბანი ჩაამტვრია.

მოგვიანებით, შედუღების დროს ნაპერწკლები ჩავარდა ავიამზიდის ტრიუმში, რომელიც მაზუთით იყო სავსე და ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობასაც დიდი დრო დასჭირდა.

ავიამზიდის სარემონტო სამუშაოები რვა წელი გაიჭიმა და დღესაც არ არის დამთავრებული, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ათეულობით მილიარდი რუსული რუბლი დაიხარჯა.

თავად რუსი ადმირალებიც კი თვლიან, რომ „ადმირალ კუზნეცოვის“ მწყობრში დაბრუნება აზრს კარგავს და აჯობებდა მისი დაჭრა ჯართში ჩასაბარებლად.

ის, რომ რუსეთის ეს ერთადერთი ავიამზიდი ახალ საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, კიდევ ორი ფაქტიც მიუთითებს – საგემბანო თვითმფრინავები წლებია სახმელეთო აეროდრომზე ბაზირებენ და მათ მფრინავებს აღარ განუხორციელებიათ ღია ზღვაში მცურავი ავიამზიდიდან აფრენა-დაფრენის პროცედურები, ხოლო თავად ავიამზიდის 1 500 კაციანი ეკიპაჟის დიდი ნაწილი სახმელეთო დანაყოფებში გადაიყვანეს და სთან ომში უკრეს თავი…

ასე რომ, უნდა თუ არა ეს პუტინს, რუსეთი ერთადერთი ავიამზიდის გარეშეა დარჩენილი, რომლის აღდგენა და საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა ფანტასტიკის ჟანრში გადადის და კრემლს ისღა დარჩენია დაჭრას და ჯართში ჩააბაროს „ადმირალი კუზნეცოვი“, რომელსაც მანამდე „თბილისი“ ერქვა…

P.S. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსი ოკუპანტების სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფმა ს სამხედრო პორტის ნავმისადგომთან საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების ფლაგმანი, სარაკეტო ხომალდი „თბილისი“ აგვიფეთქა და ჩაგვიძირა, რომლის ეკიპაჟზეც შეფობა, ამ სტატის ავტორსა და „კვირის პალიტრის“ რედაქციას ჰქონდა აღებული…

წყარო