არსებობს ვარაუდი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ივანიშვილის უნივერსიტეტის გასაძლიერებლად უქმდება. ამის შესახებ მოსაზრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ცირა ბარამიძემ გამოთქვა.
მისი თქმით, ამით ქალაქ ქუთაისში არსებული ტექნიკური უნივერსიტეტი არ გაძლიერდება.
ცირა ბარამიძე ვარაუდობს, რომ “ქართული ოცნების” განათლების მინისტრის განცხადება უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით, განათლების კონტიგენტის შემცირებას, პროფესორებისა და სტუდენტების კონტროლს ისახავს მიზნად.
სახელმწიფოს სჭირდებოდა სწორედ იმ პროფილის განვითარება, რაც აქვს ტექნიკურ უნივერსიტეტს. ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამები, პროფილი არათავსებადია მოცემულ შემთხვევაში ჩვენი უნივერსიტეტის [თსუ-ს] პროფილთან და საერთოდ სად იქნება ტექნიკური უნივერსიტეტი? რა უნდათ ახლა, ამით ჰგონიათ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ქუთაისში გაძლიერდება? – არ მოხდება ეს, დაინგრევა და ეს იქნება სახელმწიფოს ნგრევის კიდევ ერთი, სამწუხაროდ, ძალიან დიდი ინერცია. ამას პოლიციის პოლკოვნიკი მიქანაძე, ქალაქის მერი, პრემიერი კი არ უნდა წყვეტდეს და საერთოდ ეს არ ვიცი ვის თავში მოიხარშა, ძალიან მიჭირს იმის გაანალიზება, სად იწერება ეს, როგორი ინსტრუქტორები უსხედან გვერდით, რომ ზუსტად იციან როგორ დაანგრიონ სახელმწიფო, ეს გათვლილია ძალიან მძიმე შედეგებზე.
პრემიერს, რომელიც ამ უნივერსიტეტის პროფესორიც არის, მივართმევ რა თქმა უნდა ის, რომ ამბობს, რომ ვერ ვნახე რაციონალური ახსნა რატომ… დაანგრევს იმიტომ, რომ მათი მიზანი სულ სხვა რამ არის – განათლების კონტიგენტის შემცირება, იმის საფუძველზე, რომ მართონ, აკონტროლონ პროფესურა და სტუდენტები, ე.წ. სატანისტებად რომ მონათლეს ჩვენი სტუდენტები,” – განაცხადა ცირა ბარამიძემ.
ცნობისთვის, “ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.




