მედია: პროკურატურამ სასამართლოს უთხრა, რომ გოცირიძეს დანა არ ჰქონია, თვითმხილველები საწინაღმდეგოს ამტკიცებენ

მინდია შერვაშიძისა და თორნიე თოშხუას საქმის პროკურორმა, ნინო ჟვანიამ სასამართლოს სხდომაზე, რომელზეც დაკავებულების აღკვეთის ღონისძიება განიხილებოდა, მოსამართლეს უთხრა, რომ რუსთაველზე მისულ ბექა გოცირიძეს დანა არ ჰქონია.
„დაზარალებულს დანა არ ჰქონია. მათ [დაცვის მხარემ] შეიძლება, განსხვავებული პოზიციები დააფიქსირონ, მაგრამ ობიექტურ ჭეშმარიტებას საქმეზე ადასტურებს ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები…
…არც ერთ [112-ის სამეთვალყურეო კამერების] ვიდეოჩანაწერში არ ფიქსირდება ისეთი ფაქტი, რომ თითქოს ბექა გოცირიძეს ჯიბიდან ამოუვარდა დანა ან დანით იმუქრებოდა, ეს არ შეესაბამება საქმის მასალებს და რეალობას. …დანა არ არსებობს, იმიტომ რომ ობიექტურად არ არსებობს დანა.
რაც შეეხება დაცვის მხარის ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცამ პოლიციას დანა ჩააბარა… ერთი რამე შემიძლია ვთქვა, ეს არ იყო ბექა გოცირიძის დანა, რადგანაც ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერში არსად არ ფიქსირდება ის, რომ ბექა გოცირიძეს ჯიბიდან ამოუვარდა დანა“, – თქვა სხდომაზე პროკურორმა ნინო ჟვანიამ.
თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებენ თვითმხილველები.
„რომ წაიქცა ის ადამიანი, ამოუვარდა დანა. ეს დანა ავიღე მე, ვანახე პოლიციას, პოლიციამ მითხრა მაცალეო და გაჰყვნენ იმ კაცს“, – უთხრა „პუბლიკას“ ლადო ბეროზაშვილმა პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რომელმაც საქმეში არსებული დანა „პუბლიკასაც“ აჩვენა.
ერთ-ერთი თვითმხილველის გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ წაიქცა ბექა გოცირიძე და ბეროზაშვილმა იმ ადგილიდან მართლაც აიღო გარკვეული ნივთი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მხოლოდ დაპირისპირების ფრაგმენტი გაავრცელა და კადრებში აღარ ჩანს, როგორ იქცევა ბექა გოცირიძე და შემდეგ იმ ადგილას ლადო ბეროზაშვილი რაღაც ნივთს იღებს.