„პროდუქტებზე კატასტროფულად იზრდება ფასები… ასევე, წამლების [ფასი]… ქალბატონო ნათია, რა შეიძლება გავაკეთოთ ისეთი, რომ მოსახლეობამ შეღავათი იგრძნოს?!“ – „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ ეს კითხვა „2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოხსენებით მისულ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას დაუსვა.
საქმე ის არის, რომ საქსტატის თანახმად, ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.2%-მდე დაჩქარდა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია [ინფლაციის მიზნობრივი დონე: 3%]. აღსანიშნავია, რომ წლიურად განსაკუთრებით გაძვირებულია სურსათი, რომლის წილი მთლიან ინფლაციაში 3.88%-ია. კერძოდ, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაზრდილია 11.7%-ით, ჯანმრთელობის დაცვა – 8.9%-ით, ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფში კი ზრდა 5.6%-ია.
„ინფლაციის პიკი ჩაივლის უახლოეს თვეებში“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფასების ზრდის მიზეზებიც ახსნა და თავისი პროგნოზიც გააჟღერა.
„2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოხსენებით მისულ ნათია თურნავას გაზრდილ ფასებზე კითხვები ამავე კომიტეტის თავმჯდომარემაც დაუსვა.
„როგორ ფიქრობთ, დაგვჭირდება რეფინანსირების განაკვეთის აწევა?! – იკითხა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ, რაზედაც სებ-ის პრეზიდენტმა მიუგო, რომ ახლა ამის საჭიროებას ვერ ხედავს, მაგრამ დასძინა, რომ გამკაცრებისთვისც მზად არიან, რადგან სებ-ის მთავარი ფუნქცია ახსოვთ. „ინფლაცია და ფასების დონე არის მთავარი საზრუნავი“, – თქვა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ია. ნათია თურნავას იმედი აქვს, რომ სებ-ს რეფინანსირების განაკვეთის აწევა არ მოუწევს და მეტიც, ექნებათ შესაძლებლობა განაკვეთი ნეიტრალურ დონემდე – 7%-ზე ჩამოვიდეს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების კითხვები და ნათია თურნავას პასუხები:
ბეჟან წაქაძე: „ეკონომიკა იზრდება და ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ აქ არის ერთი თემა, რომ ამას ყველაფერს მოსახლეობა ტელევიზორიდან უსმენს… მე არ ვამბობ, რომ ეს არ არის რეალობა და ციფრებითაც ვსაუბრობთ, მაგრამ ინფლაცია, რასაც ჰქვია პროდუქტების შესყიდვა, ამაზე არის ძალიან დიდი პრეტენზია, რადგან კატასტროფულად იზრდება ფასები ამ მიმართულებით, ასევე წამლებში… აი, რა შეიძლება გავაკეთოთ, ქალბატონო ნათია, ისეთი, რომ… მეც მაქვს ნაფიქრი და ყველა ფიქრობს ამაზე, რომ რაღაცნაირად ამ მიმართულებაზე შეღავათი იყოს და მოსახლეობამ ეს იგრძნოს. აი, ეს არის ჩემი ძირითადი კითხვა”.
პაატა კვიჟინაძე: „მართალია, ცოტა აწეულია მიზნობრივთან შედარებით ინფლაცია, მაგრამ გაისად, ზაფხულზე, ცოტა დაიკლებს და შემდეგ ნორმალურ პოზიციას დაიკავებს. აი, თქვენ როგორ ფიქრობთ, დაგვჭირდება ამისთვის რეფინანსირების განაკვეთის აწევა? გასაგებია, ახლა ზუსტად ვერ მეტყვით, მაგრამ ამ თანაფარდობას როგორ უყურებთ?”
ნათია თურნავა: „ჩვენ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთით რეაგირებას ვაკეთებთ, როგორც წესი, არა არსებულ დონეზე, არამედ იმაზე, თუკი არის მოლოდინების ზრდა და მომავალში ვხედავთ ინფლაციური პროცესების გაძლიერების რისკს. დღესდღეობით, როგორც მოგახსენეთ, ინფლაციური მოლოდინების საყურადღებო დინამიკას ანუ მათი გაუარესების თვალსაზრისით, ვერ ვხედავთ და ეს, მათ შორის, არის იმითაც განპირობებული, რომ წინასწარ გვქონდა ეს კომუნიკაცია ბიზნესთან, მოსახლეობასთან. ჩვენი ცენტრალური სცენარიც სწორედ იმას აჩვენებდა. ეს მათემატიკის საკითხია, როცა წინა წლის დონე არის დაბალი და როდესაც შენ ადარებ წლევანდელს, თუნდაც არაფერი შეიცვალოს, გამოჩნდება უფრო მაღალი – „დაბალი ბაზის ეფექტს“ ვეძახით ამას…
ამდენად, წელს ნამდვილად იყო მოლოდინი, რომ თუკი, დავუშვათ, რაიმე განსაკუთრებული და მოულოდნელი არ მოხდებოდა ამ თვალსაზრისით – ნავთობის ფასების რადიკალური შემცირება ან რაიმე სხვა მსგავსი ფაქტორი – ჩვენი ინფლაციის დონე გადააჭარბებდა მიზნობრივ 3%-ს, ვინაიდან 2 წლის განმავლობაში, დაახლოებით, სამჯერ უფრო დაბალი იყო. ამას დაემატა კიდევ საგარეო ბაზრებზე, მოგახსენეთ, გარკვეული სასაქონლო პროდუქციის ფასების ვოლატილობა (ცვლილება/გაზრდა), რაც აისახება ჩვენს კალათაზე; მაგრამ ამ თვალსაზრისით, გვაიმედებს ისეთი ფაქტორები სამომავლოდ, რომ ეს ცვლილებები სურსათის ფასებში ყველა კატეგორიას არ შეეხებოდა და იყო უფრო ერთჯერადი ფაქტორები. მაგალითად, მოხდა საკვები ზეთის ფასის კორექტირება, რომელიც დიდი წონით გამოირჩევა და ეს აისახა [ინფლაციაზე], მაგრამ ეს არის ერთჯერადი ეფექტი, შესაბამისად, მილევადი ეფექტი“, თუ რასაკვირველია კვლავაც არ გაგრძელდება გარე ბაზრებზე ეს ზეწოლა.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე ინფლაციის მთლიანი მაჩვენებლის დეკომპოზიციას – ჩაშლას მისი მნიშვნელოვანი ნაწილების მიხედვით. ყოველთვის ძალიან საყურადღებოა ეგრეთ წოდებული „საბაზო ინფლაცია“, ეს ზოგადი მიდგომა არის, საერთაშორისო მეთოდოლოგიაა და ის არის 2.4%. ეს არის ინფლაციის მაჩვენებელი მაღალი მერყეობით გამორჩეული პროდუქციის კატეგორიების გამორიცხვით (სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს გამორიცხვით). აი, ამის გარდა, ინფლაცია არის 2.4% ანუ კვლავაც მიზნობრივზე დაბალი.
მნიშვნელოვანია იმპორტული საქონლის ინფლაცია, რომელიც პრაქტიკულად, ნულოვანი არის, მანამდე თვეების განმავლობაში უარყოფითი იყო. ეს არის, მათ შორის, პირდაპირ დაკავშირებული ლარის კურსთან და თქვენ ხედავთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ლარის კურსი, ასე ვთქვათ, მისი მერყეობა არის საკმაოდ ჯანსაღი და საკმაოდ მაღალ სტაბილურობას ინარჩუნებს. ამ თვალსაზრისით, ზეწოლა იმპორტირებული საქონლის ფასებზე არის ძალიან დაბალი.
აქედან გამომდინარე, კვლავაც ჩვენი ცენტრალური პროგნოზის მომხრე ვართ, ჩვენ ეს გამოვაქვეყნეთ – ჩვენი ცენტრალური პროგნოზის მიხედვით, [ინფლაციის] პიკი ჩაივლის უახლოეს თვეებში, ინფლაცია წამოვა ქვევით და მიუახლოვდება თავის მიზნობრივ დონეს, ხოლო წლევანდელი საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი 4% იქნება.
საუბარი იყო მედიკამენტების [ფასებზეც]… კონკრეტულად, ასე ვთქვათ, ცალკეულ სასაქონლო ჯგუფებთან მიმართება პოლიტიკის ცვლილებებზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ესეც გარკვეულწილად რეგულირებადი ფასებია და აქ შესაბამისად, ალბათ, უფრო შესაბამისი უწყება გაგცემდათ პასუხს, მაგრამ ერთ რამეს კი ვიტყვი, რომ დიდი წილი მედიკამენტებში არის იმპორტული და ლარის კურსის თვალსაზრისით ამ ფასებზე ზეწოლა არ არის მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, პროგნოზი აქაც კეთილსაიმედოა.
გამოვიყენებთ თუ არა რეფინანსირების განაკვეთის აწევას იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაცია არ მოიქცა ჩვენი ცენტრალური პროგნოზის მიხედვით და გაიზარდა? – ჩვენ ვალდებულები ვიქნებით ამ შემთხვევაში, რომ რეფინანსირების განაკვეთი ავწიოთ. პროგნოზი არის, რომ პირიქით, ე.ი. ინფლაცია ნორმალიზებას განიცდის, მიუახლოვდება თავის მიზნობრივ დონეს (პიკი ახლა არის და მერე თანდათან წამოვა ქვევით) და შესაბამისად,დიდი იმედი გვაქვს, არ მოგვიწევს რეფინანსირების განაკვეთის აწევა და პირიქით, არის მიჯნა – 7%, ეს არის ჩვენი ნეიტრალური დონე, რომელსაც შევძლებთ მაშინ, რომ მივუახლოვდეთ.
ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სწორი ბალანსი დავიცვათ საპროცენტო განაკვეთსა და ინფლაციას შორის, თუმცა ინფლაცია არის მთავარი საზრუნავი და ფასების დონე, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი მოლოდინი ცენტრალური სცენარის მიხედვით არის სწორედ ეს, რომ წლევანდელი წელი 4%-ის ირგვლივ, მომავალ წელს 3%-თან მიახლოებას დაიწყებს. ამიტომ იმედი გვაქვს, არ მოგვიწევს, თუმცა მზად ვართ, რასაკვირველია, მკაცრი ზომებიც გავატაროთ, როგორც covid-დის დროს მოხდა – რაც უფრო სწრაფად ტარდება მკაცრი ზომები, მით უფრო სწრაფად ნორმალიზდება ინფლაცია.




