მედია: პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, შესაძლოა, ორშაბათს გადადგეს

ორშაბათს, 15 ივლისს, ს პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, გადადგომის შესახებ გააკეთებს განცხადებას.

კალასი ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზეა წარდგენილი. მისი კანდიდატურის დამტკიცების საკითხზე კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება.

გასულ თვეში კალასმა აღნიშნა, რომ მისი, როგორც პრემიერ-მინისტრის, ბოლო მისია ვაშინგტონის ნატო-ს სამიტის მუშაობაში მონაწილეობა იქნება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი დონის შეხვედრა კი, როგორც ცნობილია, უკვე დასრულდა.

ესტონეთში, პრემიერ-მინისტრის გადადგომა მთელი მთავრობის დათხოვნას იწვევს.

კალასის გადადგომის შემდეგ, კარისი ხუთი საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გამართავს და მათ მთავრობის ფორმირებისთვის კანდიდატურების შემოტანას შესთავაზებს. როგორც წესი, ეს პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის პარლამენტის (რიიგიკოგუს) ყველაზე მრავალრიცხოვან პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც, ამ შემთხვევაში, პარტია „რეფორმა“ წარმოადგენს.

როდის დანიშნავს კარისი მთავრობის ახალ მეთაურს, ჯერჯერობით უცნობია.

თუმცა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „რეფორმას“ უკვე შერჩეული ჰყავს კლიმატის მინისტრი, კრისტენ მიხალი. მისი კანდიდატურის ირგვლივ მოლაპარაკებები ამჟამინდელ კოალიციურ პარტნიორებთან, SDE-სა და Eesti 200-თან, ორშაბათს დაიწყო. ეს სამი პარტია ქვეყანას ერთობლივად 2023 წლის მაისიდან მართავს.

ახალი მთავრობა მუშაობას, შესაძლოა, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში შეუდგეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მინისტრის შეცვლა იგეგმება.

წყარო