პოლიციელმა ერთმანეთი იმერეთში მიხეილ შუფუთინსკის სიმღერების გამო სცემეს – ახლა პროკურატურა ადგენს ვინ იყო მართალი.
“პირველებმა” ადგილზე გაარკვია, რომ ნათლისღების სუფრა ცემა-ტყეპაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც რესტორან “მოწამეთაში” დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მუსიკოსებს მიხეილ შუფუტინსკის ე.წ. ქურდულები შეუკვეთეს, მეზობელ სუფრაზე მყოფი კრიმპოლის თანამშრომლებს კი სხვა სიმღერის შეკვეთა სურდათ და ჩხუბი დაიწყო.
როგორც ადგილზე ჰყვებიან, იყო საგნების სროლა და გინება. არსებული ინფორმაციით, ხელჩართული ჩხუბი გაგრძელდა რესტორნის ეზოშიც.
პოლიციის ტყიბულის განყოფილებაში, რომელიც რესტორანთან 30 მეტრში მდებარეობს კითხვებზე არ პასუხობენ.
პროკურატურის ცნობით, ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში შსს-ის თანამშრომელმა და მასთან თანმხლებმა პირებმა დაცვის პოლიციის 2 თანამშრომელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
განცხადების მიხედვით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.




