შალვა პაპუაშვილი კაია კალასის გზავნილს კონკრეტული მოსამართლეების დასანქცირების შესახებ “საბჭოური სტილის მუქარას” უწოდებს და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელისგან ითხოვს, “ქართულ მართლმსაჯულებას ბოდიში მოუხადოს”.
სამწუხაროა, ეს აგრესიული რიტორიკა ქართული სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული თავდასხმები, საბჭოური სტილის მუქარა, რომელსაც დღეს მათ შორის, კაია კალასის მხრიდან ვისმენდით. ის დღეს 2 ქართველ მოსამართლეს დაემუქრა სანქციებით. ეს არის ის სამწუხარო გზა, რომელსაც ბრიუსელი ადგას. ევროკავშირის მოქალაქეებმა უნდა შეხედონ ამას და გადაწყვიტონ, რა უნდათ – უნდათ, რომ საბჭოთა კავშირისკენ წაიყვანონ ბრიუსელში ამგვარმა ბიუროკრატებმა, რომლებიც დამოუკიდებელი ქვეყნის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, დამოუკიდებელ მოსამართლეებს ემუქრებიან? რასაც ვისმენთ, სირცხვილია. ევროკავშირის ელჩი განმარტებებით თავს არ იწუხებს ხოლმე, მაგრამ მგონი განმარტებები გასაკეთებელია. სხდომათა დარბაზში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები სხედან იმისთვის, რომ შექმნან მოსამართლისთვის დამაშინებელი გარემო, რომ შემდეგ ამგვარი მუქარები გაისმას ევროკავშირიდან.
ნაცვლად იმისა, რომ ქალბატონი კალასი ევროკავშირის სახელით ბოდიშს უხდიდეს ქართულ მართლმსაჯულებას ევროკავშირის მანამდე არსებული თავდასხმების გამო, რომელიც აღმჩნდა სრული დეზინფორმაცია და ცილისწამება, დღეს ის ემუქრება ქართველ მოსამართლეებს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა დღეს კომენტარი გააკეთა ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზეც. ის ამ კონტექსტში კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა და ირწმუნებოდა, რომ ოფიციალურმა ბრიუსელმა ადამიანის უფლებების პატივისცემის გზას გადაუხვია.
„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მუქარას, რომელიც ასევე კალასის მხრიდან მოისმინეთ.
ჩვენ იმიტომ გამოვექეცით საბჭოთა კავშირს ევროკავშირისკენ, რომ ბრიუსელში ისევ საბჭოთა კავშირი დაგვხვედროდა? ბრიუსელის ბიუროკრატიას მოვუწოდებ, რომ ადამიანის უფლებების პატივისცემის გზას დაუბრუნდნენ. რასაც დღეს ჩვენ უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან ვისმენდით, ეს ადამიანის უფლებების უპატივცემულობაა, ვინაიდან მართლმსაჯულება დაზარალებულების უფლებების აღდგენას ემსახურება. როგორც ჩანს ქალბატონი კალასისთვის ღირებულებას არ წარმოადგენს დამწვრობამიღებული პოლიციელი, არაფერს წარმოადგენს წიხლებით რომ შედგნენ პოლიციელს, საქართველოს პარლამენტს რომ წვავდნენ. როგორც ჩანს, ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს ვერ ათვიცნობიერებს. ევროკავშირის პასპორტის ჯიბეში ქონა, ევროპული ღირებულებების გაზიარებას არ ნიშნავს და ამის კარგ მაგალითს ბალტიის პოლიტიკური ელიტა გვიჩვენებს, რომელიც საბჭოთა მენტალიტეტიდან ვერ გამოვიდა და ცდილობს ამ მენტალიტეტის მთავარი დამმკვიდრებელი გახდეს ბრიუსელში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, “პირველებისთვის” ცოტა ხნის წინ იმ წერილის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, გერმანიამ და ჩეხეთმა კაია კალასს მიმართეს, რომ 2025 წლის 30 სექტემბრამდე შეიმუშაოს კონკრეტული და ახალი რეკომენდაციები “ქართული ოცნებისთვის”. იმ შემთხვევაში კი, თუ მოთხოვნები არ შეასრულდება, მაშინ ევროკავშირმა 5 მინისტრის მოთხოვნით, უნდა დაიწყოს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმებზე მუშაობა და წერილის თანახმად, ამაზე მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ ივანიშვილის პარტიას.