მედია: “ოცნება” გადაჭრით ვეღარ ამბობს, უჩივლებენ თუ არა BBC-ის (ვიდეო)

“ქართულ ოცნებაში” გადაჭრით ვეღარ პასუხობენ კითხვას, აპირებენ თუ არა საერთაშორისო სასამართლოში BBC-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას.  “ოცნების” დეპუტატები ვერ აკონკრეტებენ, როდის გეგმავენ, ბრიტანეთის სასამართლოში საჩივრით მიმართონ.

შეკითხვას, როგორ ჩამოწერეს 880 ლიტრი ქიმიური ნივთიერება, რომელეც სუსი საუბრობდა, მაშინ, როდესაც თავდაპირველად აღნიშნული ნივთიერების ლიტრაჟობა 620 ლიტრს შეადგენდა, ივანიშვილის გუნდის დეპუტატები ვერ პასუხობენ.

დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე ამბობს, რომ “ლიტრაჟობას ის ვერ განსაზღვრავს”.

ლიტრაჟობას მე ვერ განვსაზღვრავ… როგორ განვსაზღვრო ლიტრაჟობაზე იქ 10 ლიტრით მეტია, თუ ნაკლები? ეს პროცედურა, რა პროცედურის მიმართაც დაიწყო გამოძიება, ეს ასახავს მხოლოდ იმ მომენტს, სადაც გამოყენებული იქნა ესა თუ ის ნივთიერება. მე მტკიებით ფორმაში არ ვიძახი, მე ვამბობ, რომ ეს არ არის სტანდარტული ფორმა, რომ ყოველთვის იყოს შერეული. შეიძლება, იყოს ისეთი შემთხვევა, სადაც საერთოდ არ იყო შერეული, – ამბობს ალექსანდრე ტაბატაძე.

ვარლამ ლიპერტელიანი კი ამტკიცებს, რომ სუსის გამოძიებამ ყველა კითხვას ზედმიწევნით გასცა პასუხი. მისი თქმით, დარჩა ერთადერთი კითხვა – ვინ იყო ქვეყნის მტრულ საქმიანობაში ჩართული.

ყველა კითხვაზე აბსოლუტურად გაცემულია პასუხი. ერთადერთი კითხვა, რაც რჩება და რაზეც არის პასუხი გასაცემი, გამოძიება დაადგენს, ვინ იყო ქვეყნის მტრულ საქმიანობაში ჩართული, – ამბობს ვარლამ ლიპარტელიანი. 

“ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატი კი ამბობს, რომ კითხვებზე  პასუხები სუსის გამოძიებამდეც ჰქონდა.

ჩემი კითხვები სუსის გამოძიებამდეც ამოწურული იყო.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო და დასკვნა დადო. უწყების მტიცებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი – ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება – ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.

სუსის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ არასამთავრობოები და ოპოზიცია.