2024 წლის 21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მღვდელი, მარიუპოლთან ახლოს მდებარე სოფელ კამენკას ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ხრიმლი) უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გააძევეს, მღვდელი ამჟამად საქართველოში იმყოფება, ინფორმაციას Україна Православна ავრცელებს.
დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა უკრაინულ გამოცემას არქიმანდრიტი ქრისტეფორეს გათავისუფლების ფაქტი დაუდასტურა.
“შემატყობინეს, რომ მან უკვე გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. მადლობა ღმერთს და მადლობა უკრაინის სახალხო დამცველს, ბატონ ლუბინეცს – ეს მისი მუშაობის წყალობით მოხდა.” – თქვა მიტროპოლიტმა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი ოკუპანტებმა 2023 წლის სექტემბერში დააკავეს, მას ბრალი ედებოდა “ანტირუსული, ექსტრემისტული ფორმით უკრაინის მთავრობისა და შეიარაღებული ძალების მხარდაჭერაში, ასევე ეროვნული და რელიგიური ნიშნით სიძულვილისა და მტრობის გაღვივებაში”, რის შემდეგაც იგი რუსეთში, როსტოვის ოლქში გადაიყვანეს, სადაც მღვდელი გათავისუფლებამდე იმყოფებოდა.