მედიასა და სოციალურ მედიაში გავრცელებული განცხადებები, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 7 აპრილს, ერევანში ლგბტ საზოგადოების აღლუმის ჩატარება დაამტკიცა, სინამდვილეს არ შეესაბამება, – სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ნაზელი ბაღდასარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„გავრცელებულ მასალას უცხოური ინფორმაციული მანიპულირებისა და ჩარევის (FIMI) ტიპური მახასიათებლები აქვს და ჰიბრიდული გავლენის კამპანიების კომპონენტია. პუბლიკაციის ავტორმა, ოკაი დეპრემმა, ადრე არაერთხელ გაავრცელა ცრუ და მანიპულაციური ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინსტიტუტების შესახებ, რაც დოკუმენტირებულია როგორც სომხური, ასევე საერთაშორისო ექსპერტული წრეების მიერ“, – აღნიშნა ბაღდასარიანმა.
მისი თქმით, ასეთი პუბლიკაციების მიზანია საზოგადოების პოლარიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შესუსტება საარჩევნო პროცესის წინა პერიოდში.
პოსტში ნაზელი ბაღდასარიანმა გააზიარა CGTN Turk-ის და აზერბაიჯანული ვებსაიტ Haqqin.az-ის „სკრინშოტები“. CGTN-ის სტატიაში ავტორი, ოკაი დეპრემი, აღნიშნავს, რომ „ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა, სადაც ლგბტ პირებმა ბოლო წლებში სწრაფად დაიწყეს ორგანიზება, თავდაპირველად ლეგალიზაციის მოთხოვნით და შემდეგ ქუჩაში გასვლისთვის მზადებით, სომხეთია.
„ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლგბტ მოძრაობა მრავალი წლის შემდეგ ქვეყანაში ახალ მსვლელობას, ახალ მიტინგს გეგმავს. მოძრაობა, რომელიც დასავლეთში წარმოიშვა და დიდი ხანია ამას გეგმავდა, თავის პირველ „სიყვარულის აღლუმს“ დედაქალაქ ერევანში, ტამანიანის გამზირზე, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე გამართავს. უფრო მეტიც, მოარული ხმების თანახმად, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც ღიაა მოძრაობის ლეგალიზაციისა და საჯარო სივრცეში გამოტანის მიმართ, რათა კიდევ ერთი „პლუსი“ მიიღოს მისთვის ასე საყვარელი დასავლური სამყაროსგან: ეს ღონისძიება 7 აპრილს არის დაგეგმილი – იმ დღეს, როდესაც სომხები ტრადიციულად დედისა და სილამაზის დღეს აღნიშნავენ“, – ნათქვამი იყო სტატიაში.




