მედია: მსოფლიოში ხორბლის ფასი იმატებს – მოსალოდნელია თუ არა საქართველოში ფქვილისა და პურ-პროდუქტების გაძვირება?

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე გლობალური მიწოდების ჯაჭვში გაჩენილი შეფერხებები ხორბლის ფასის მატებასაც იწვევს.

დღეის მდგომარეობით, ერთი ტონა რუსული ხორბლის ფასი 236 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ეს კი წინა კვირასთან შედარებით, 2 დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება საერთაშორისო სასაქონლო ბირჟებზე არსებულ ვითარებას, ბოლო მონაცემებით, 1 ტონა ხორბლის ღირებულება გლობალურ ბირჟაზე 228 აშშ დოლარს შეადგენს, რაც კვირის ჭრილში, 5.2%-ით გაზრდილი ფასია.

რა გავლენას იქონიებს გლობალური პროცესები ქართულ ბაზარზე და მოსალოდნელია, თუ არა ფქვილისა და პურ-პროდუქტების გაძვირება – საკითხთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ლევან სილაგავას ესაუბრა.

სილაგავას თქმით, გაძვირებულია გლობალური მიწოდების ჯაჭვი, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა გემების დაქირავებაზე ფასების ზრდამ მოახდინა.

„მსოფლიო ბაზრებზე რყევები შეიმჩნევა და მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ეს ბუნებრივია. თუ მალე დამთავრდა კონფლიქტი, თავისთავად მიწოდების ჯაჭვებიც ჩვეულ რიტმში აღდგენა, ხოლო თუ გრძელვადიანად გაგრძელდა, ლოჯისტიკური ჯაჭვების გადალაგება მოხდება.

პრობლემას ქმნის ისიც, რომ პრაქტიკულად, დაზღვევის მექანიზმები მოიშალა. ვგულისხმობ იმას, რომ სპარსეთის ყურეში აღარ აზღვევენ ტვირთებს, რაც, თავისთავად ცხადია, ნავთობზე მოქმედებს. ნავთობი ყველგან მონაწილეობს, კალკულაციის ნაწილში ყველაფერში შედის და შესაბამისად, გადაზიდვებში პრობლემებსაც ქმნის. რეალურად, ჯერ კიდევ სერიოზული გაურკვევლობაა. ზოგი უკვე იწყებს გადალაგებებს, ზოგიც თავს იკავებს, რადგან ფიქრობს, რომ შესაძლებელია, კონფლიქტი მოკლე ვადაში ამოიწუროს.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ გემების დაქირავების ფასი გაიზარდა. ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ, ეს კონფლიქტი რომ არ დაწყებულიყო, საკმაოდ სტაბილური სიტუაცია გვექნებოდა. მსოფლიოში ხორბლის მოსავლის მოლოდინი ძალიან კარგია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კონფლიქტი მოხდა, მიწოდების ჯაჭვი გაგვიძვირდა.

ძირითადად, ჩვენ გვეხება შავი ზღვის აუზის ქვეყნები. ჩვენთვის ხორბლის მომწოდებლები არიან – , , ყაზახეთი და ევროკავშირი. თუმცა, როცა ბირჟაზე იწევს ფასები მაღლა, თავისთავად, ეს ყველა რეგიონზე ვრცელდება. მათ შორის, ჩვენს რეგიონსაც ეხება. ამას დამატებული, დოლარის კურსის ცვლილებაც ხდება. ესეც ახდენს გავლენას, რადგან ჩვენ ხორბლის იმპორტს ვახორციელებთ, ადგილობრივი გვაქვს მხოლოდ 20%“, – აცხადებს ლევან სილაგავა.

მისივე თქმით, საქართველომ ხორბლის გაძვირებული პარტიები უკვე მიიღო, თუმცა, როგორც ლევან სილაგავა განმარტავს, ეს არ არის ფასის იმ მასშტაბით ცვლილება, რომ ახლო მომავალში ფქვილისა და შემდეგ უკვე, პურის ღირებულებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.

„გაძვირებული პარტიები გუშინ შემოვიდა უკვე, თუ 800 ლარის ფარგლებში იყო ერთი ტონა, ახლა 840 ლარია ღირებულება.

ჩვენ გვაქვს 2-თვიანი მარაგები. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის 2 თვეში ამოგვეწურება. საუბარია, გარდამავალ მარაგებზე. ასეა აწყობილი ბიზნესპროცესი, რომ ადგილზეც გვაქვს მარაგი, ახალი ხორბლის შემოტანაც მიმდინარეობს და პარალელურად, ახალ კონტრაქტზე მუშაობაც გრძელდება. ეს პროცესი არ შეწყვეტილა. სწორედ ამიტომ, გაძვირება მოსალოდნელია, თუმცა ამას დარტყმისებური ეფექტი არ ექნება.

მაგალითად, დღეს რაღაც პროდუქტი ნაყიდი მაქვს 800 ლარად, ვაწვდი ამ პროდუქტს და გადამუშავებაც ხდება. შემდეგი ვყიდულობ 840-ად. ამ შემთხვევაში, საშუალო შეწონილი ფასი 820 ლარია. შესაბამისად, მარაგი იძლევა იმის საშუალებას, რომ საშუალო შეწონილი ფასით და არა დარტყმისებური ეფექტით მოხდეს ბაზარზე გავლენა.

თუ იქნება გაძვირება, ეს იქნება მდორე. ჯერჯერობით, ამის წინაპირობები არ ჩანს, რადგან ძველი მარაგები გვაქვს, მაგრამ შესაძლოა, 1 თვეში, თვენახევარში ამ ყველაფრის ასახვა მოხდეს.

წისქვილკომბინატებიდან პურის ქარხნებს 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 53 ლარად მიეწოდებათ. რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასია. ეს საკმაოდ მისაღები ღირებულებაა და შეიძლება ითქვას, რომ დღეს არავითარი წინაპირობა პურის გაძვირების არ გვაქვს. იმ შემთხვევაშიც, თუ ხორბლის ფასმა გააგრძელა ზრდა და აისახა ბაზარზე, ეს არ იქნება იმის წინაპირობა, რომ უახლოესი მომავლის პერსპექტივაში, პურის ფასზე იმოქმედოს.

თუ გაძვირდება ფქვილი, იქნება უმნიშვნელო გაძვირება, რომელიც პურის ფასზე, უშუალოდ ფქვილიდან გამომდინარე, დიდ ასახვას არ პოვებს. შესაძლოა, 2-3 ლარით მოიმატოს 1 ტომარა ფქვილის ფასმა. გაძვირების შემდეგი ბიჯი კი მეპურეების მხრიდან 62 ლარია დასახელებული, რაც საკმაოდ შორსაა“, – განაცხადა სილაგავამ.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო