თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა აქციების დროს დაკავებული 11 პირის სასამართლო სხდომის გახსნის შესახებ – პროცესი ისევ ნახევრად დახურულ ფორმატში გრძელდება.
5 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ერთ-ერთი ბრალდებული ჯანო არჩაია გააძევეს, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა, სხდომა ნაწილობრივ დაიხურა. მას შემდეგ მეორე პროცესია სხდომები ნახევრად დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. პროცესს დაკავებულების ოჯახის წევრები და მეგობრები ვერ ესწრებიან.
დღევანდელ სხდომაზე ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა მოსამართლეს მიმართვა გადასცა, სადაც პროცესზე ხალხის დაშვების შემთხვევაში, პირობას იძლეოდნენ წესრიგის დაცვაზე. მიმერთვას სასამართლოში მყოფი 130 ადამიანი აწერდა ხელს. მიგინეიშვილმა მიმართვა შუამდგომლობას დაურთო, მაგრამ მოსამართლე შვანგირაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის:ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.