„ქართული ოცნების“ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მოსამართლეთა ანაზღაურების წესი იცვლება, რის შედეგადაც საქალაქო, რაიონული, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების თვიური ანაზღაურება ორჯერ და მეტად იზრდება.
ხელფასები ეზრდებათ, მათ შორის, აშშ-ის, ბრიტანეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ სხვადასხვა დროს სანქცირებულ მოსამართლეებს, მათ შორის ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძესა და ირაკლი შენგელიას.
ცვლილებების შედეგად, თითოეული მოსამართლის ხელფასი 10 000 ლარზე მეტი იქნება.
- იმ დღეს, როდესაც საკანონმდებლო პაკეტი გასაჯაროვდა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა:
- „[საქართველოს] მართლმსაჯულების სისტემა, როგორც ჩანს, ამ რეპრესიული მანქანის ნაწილია. შესაბამისად, გვქონდა დისკუსია, რომ სანქციები დავუწესოთ მოსამართლეებს“.
ვის რა ხელფასი ენიშნება
თუკი ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასია 7 000 ლარი, ცვლილებებით, მისი ანაზღაურება 14 600 ლარამდე იზრდება.
ამ თანამდებობას ახლა ნინო ქადაგიძე იკავებს.
„ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ჩვენი სისტემის მდგრადობაში, თითოეული ჩემი კოლეგის სიმყარეში“, – განაცხადა ქადაგიძემ უზენაეს სასამართლოში, კოლეგების სანქცირების ფონზე, ირაკლი კობახიძის სტუმრობისას, 4 აპრილს.
სხვა თანამდებობებზე კი ხელფასის ოდენობა ასეთია:
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (გიორგი მიქაუტაძე) – 6 500 ლარის ნაცვლად 13 432 ლარი;
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (ლევან თევზაძე) – 6 300 ლარის ნაცვლად 13 140 ლარი;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები (ყველა მოსამართლე, რომლებსაც არ უკავიათ ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა) – 6 000 ლარის ნაცვლად 12 410 ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე (მიხეილ ჩინჩალაძე) – 5 800 ლარის ნაცვლად 12 264 ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (ირაკლი შენგელია) – 5 600 ლარის ნაცვლად 12 118 ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე (სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატები და საგამოძიებო კოლეგია) – 5 300 ლარის ნაცვლად 11 972 ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს ყველა სხვა მოსამართლე – 5 000 ლარის ნაცვლად 11 826 ლარი;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე (ვასილ მშვენიერაძე) – 4600 ლარის ნაცვლად 11 972 ლარი;
- სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეები – 4 600 ლარის ნაცვლად 11 388 ლარი;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეები – 4 300 ლარის ნაცვლად 11 388 ლარი;
- რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეები – 4 300 ლარის ნაცვლად 10 950 ლარი;
- რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე – 4 000 ლარის ნაცვლად 10 512 ლარი.
კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები არიან „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ წევრები არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.