მკვლელობა ქვემო ქართლში – პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 46 წლის კაცი დააკავა. გეკა გელაძის უწყებაში ამბობენ, რომ მძიმე დანაშაულში ბრალდებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირია.
საქმის მასალების თანახმად, მთვრალ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად ერთ-ერმა დაკარგა წონასწორობა, დაგორდა კიბეებზე, დაეცა ბეტონის ფილაზე. მიღებული დაზიანების შედეგად კი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
შსს წერს, რომ ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.
ქვემო ქართლის პოლიციამ, დ.დ.-ს ცხედარი ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოაჩინა.
სამართალდამცველებმა ჯ.ა. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განახლება: პროკურატურამ 24 ოქტომბერს დმანისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულ წარსულში ნასამართლევ პირს, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის განცხადების თანახმად ბრალდებულმა განზრახ მკვლელობის მიზნით, “სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ქალაქ დმანისში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო. მიღებული სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა მოკლულის ცხედარი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა”. – წერს უწყება.




