შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ არ ამბობს, რა ბედი ელით ბრალდებულის სიკვდილში მხილებულ პოლიციელებს.
შემოაკვდათ თუ არა ახალგაზრდა კაცი დაკითხვის დროს გლდანი-ნაძალადევის მე-8 განყოფილების თანამშრომლებს? – კითხვაზე პასუხს ამ დრომდე ვერც გამოძიება სცემს.
არადა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქმის შესწავლა გუშინ დაიწყეს.
“შაბათის ეთერის” ანონსის გასვლის შემდეგ გამომძიებლები ოქროს მოწმესთან საკანში შევიდნენ, გამომძიებლებმა დასუფთავების სამსახურის ბრალდებული თანამშრომლისგან მოისმინეს, როგორ აწამეს სასიკვდილოდ ის და მისი მეგობარი პოლიციელებმა.
პოლიციის განყოფილებაში სავარაუდო წამების ფაქტებზე თბილისის მერიის დასუფთავების თანამშრომელი პირველად 10 ივნისს სასამართლო პროცესზე ალაპარაკდა. ირაკლი ტატუნაშვილმა მოსამართლეს დეტალურად მოუყვა, როგორ აწამეს სასტიკი მეთოდებით მისი კოლეგა პოლიციელებმა სასურელი ჩვენების გამოძალვის მიზნით.
ბრალდებულმა განსასჯელის სკამიდან პოლიციელები მკვლელობაში ამხილა. თქვა, რომ მისი მეგობარი ცემით მიყენებული დაზიანებებით განყოფილებიდან კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.
საუბარია გახმაურებულ საქმეზე, 7 ივნისს რესტორან მეგობრებში მომხდარ დაპირისპირებაზე. ჩხუბში მერიის დასუფთავების სამსახურის 5-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. რესტორნის ვიდეოსათვალთვალო კადრებში, რომელიც შაბათის გუნდმა მოიპოვა, ჩანს დაკითხვის შემდეგ გარდაცვლილი ალან ყაყიტაშვილი, ირაკლი ტატუნაშვილი და დასუფთავების სამსახურის კიდევ 2 თანამშრომელი. კადრები ხელჩართული ჩხუბის სრულ სურათს ასხავს. ვიდეომასალით დგნდება, რომ გარდაცვლილი ყაყიტაშვილი ჩხუბში მონაწილე სადოევს დანას ურტყამს და შემთხვევის ადგილს ტოვებს. ეს ვიდეომასალა მტკიცებულებაა იმის, რომ გარდაცვლილს პოლიციაში გადაყვანამდე დაზიანებები არ ჰქონია.