საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ მოლაპარაკებებს დაიწყებს, რათა საფრანგეთის ბირთვული შესაძლებლობები ევროპელი მოკავშირეების დასაცავად იყოს გამოყენებული.
“ჩვენი ბირთვული შეკავება ჩვენ გვიცავს. მე გადავწყვიტე, სტრატეგიული დებატები დავიწყო ჩვენი შეკავების საშუალებით ევროპის კონტინენტზე ჩვენი მოკავშირეების დაცვასთან დაკავშირებით”. – თქვა მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას.
სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ “ევროპის მომავალი ვერ გადაწყდება რუსეთის ან ვაშინგტონის მიერ”.
მანამდე, 25 თებერვალს, ბრიტანული გამოცემა Telegraph წერდა, რომ საფრანგეთი მზადაა, ევროპის დაცვის მიზნით საკუთარი ბირთვული შეიარაღება შემაკავებელ ზომად გამოიყენოს.
გამოცემის ცნობით, ვინაიდან აშშ იმუქრება, რომ შესაძლოა, ევროპის კონტინენტიდან საკუთარი თავდაცვის ძალები გაიყვანოს, საფრანგეთი მზადაა, გერმანიაში ბირთვული იარაღით დატვირთული ავიაგამანადგურებლები განალაგოს.
გერმანიის ვადამდელ ფედერალურ არჩევნებში ახლად გამარჯვებული ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა, რომელიც გერმანიის შემდეგი კანცლერი იქნება, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბირთვული თავდაცვის გაფართოებისკენ მოუწოდა, ვინაიდან მას სურს, ევროპა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამერიკისგან დამოუკიდებელი იყოს.
მერცმა 21 თებერვალს განაცხადა, რომ პარიზმა და ლონდონმა უნდა განიხილონ, “გავრცელდება თუ არა ბირთვული თავდაცვა ჩვენზეც” და დაამატა, რომ ტრამპის ამერიკა უკვე “ინდიფერენტულია ევროპის ბედის მიმართ”.
ცნობისთვის, დიდი ხანია, რაც აშშ-ს მიერ ევროპის კონტინენტზე, მათ შორის, გერმანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზეც, განლაგებული 100 ბირთვული რაკეტისგან შემდგარი არსენალი ევროპის უსაფრთხოების გარანტორია.
როგორც ერთ-ერთი წყარო გამოცემას ეუბნება, ნაკლებსავარაუდოა, საფრანგეთმა აღნიშნული იდეა ფორმალურად განახორციელოს, თუ აშშ გერმანიაში განლაგებულ ბირთვულ არსენალს არ გამოიყვანს.
საფრანგეთის არსენალი, გავრცელებული ცნობებით, დაახლოებით 300 ბირთვულ იარაღს მოიცავს, ხოლო ბრიტანეთის Trident ბირთვული შემაკავებელი ძალები Vanguard-ის ტიპის 4 წყალქვეშა ნავს, რომელსაც ერთდროულად 16 ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია.