დღეს ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს სამიზნეების სავარაუდო სია, რომლებიც შესაძლოა უახლოეს პერიოდში თეა წულუკიანის კომისიამ დაიბაროს.
მოსმენის ფორმატში, ამჯერად “ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრის როლში, მაკა ბოჭორიშვილი წარდგა, რომელმაც, როგორც თავად განაცხადა, ჩამოთვალა პირები, რომლებიც სხვადასხვა დროს ხელს უშლიდნენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ზიანს აყენებდნენ ეროვნულ ინტერესებს. მის განცხადებებში “ფორმულაც” გახმოვანდა – როგორც ერთ-ერთი არხი, რომელიც ბოჭორიშვილის თქმით, აქტიურად მონაწილეობდა კამპანიაში, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.
“კამპანიები ნამდვილად ტარდებოდა – ამაზე თვალის დახუჭვა ახლა აღარ შეიძლება. კამპანიები, რომლებიც დაკავშირებული იყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან, რეალურად იმ ეტაპზე საქართველომ სწორედ ამ პროცესის შედეგად დაკარგა შესაძლებლობა, მიეღო კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. ამ პროცესში ნამდვილად მიიღეს მონაწილეობა ყველა მხარემ – პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ“, – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილს წინ უძღოდა დეპუტატი გივი მიქანაძე, რომელმაც სხდომაზე უშუალოდ დაასახელა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც, მისი თქმით, მიზანმიმართულად ცდილობდნენ, „ქართულ ოცნებას“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მანდატები არ მიეღო, რაც პარტიის მხრიდან საქართველოს ინტერესების დაზიანებად შეფასდა.
მკვეთრი განცხადებების ფონზე მოლოდინია, რომ ბოჭორიშვილისა და მიქანაძის მიერ დასახელებული პირების ნაწილი შესაძლოა დაკითხვაზე დაიბაროს. წულუკიანმა კომისიის მანდატი გაახანგრძლივა, რაც პროცესის გაჭიანურებასა და ახალი პოლიტიკურ-სასამართლო ნაბიჯების გადადგმას მოასწავებს.
დაკითხვებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სამართლებრივი სანქციების, მათ შორის პატიმრობის მუქარაც არ არის გამორიცხული – როგორც ეს უკვე განხორციელდა ოპოზიციის სხვა ლიდერების მიმართ.
