მედია: კობახიძე ფასების ზრდაზე პასუხისმგებლობას ბიზნესს აკისრებს – რა მოხდა ფასების კომისიის მეორე სხდომაზე

ფასების კომისიის მეორე სხდომაზე მთავარ სამიზნედ სადისტრიბუციო კომპანიები დასახელდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფასების ზრდაში ყველაზე დიდი წილი სწორედ დისტრიბუტორებზე მოდის – მისი თქმით, საზღვრიდან დახლამდე პროდუქტის ფასნამატი დაახლოებით 86%-ს აღწევს, რის შემდეგაც ფასს დამატებით ზრდიან ქსელური მარკეტებიც.

მთავრობის ადმინისტრაციაში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები მას შემდეგ დაიბარეს, რაც მათი სათაო ოფისებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ. შეხვედრაზე ბიზნესმენებმა განაცხადეს, რომ ფასები მართლაც მაღალია, თუმცა პრობლემა კომპლექსურია და პასუხისმგებლობა სახელმწიფოსაც ეკისრება, მათ შორის კანონმდებლობის მოწესრიგების კუთხით. კობახიძის მიერ გერმანულ ფასებთან გაკეთებულ შედარებას დისტრიბუტორებმა უპასუხეს, რომ გერმანიის ბაზარი მოცულობით დიდია, ადგილობრივი წარმოება განვითარებულია და საგადასახადო გარემოც განსხვავდება.

ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ფასების ზრდაზე დაახლოებით 10 ფაქტორი მოქმედებს, რის გამოც მთავრობამ დამატებითი კონტროლის მექანიზმების ამოქმედება გადაწყვიტა. მინისტრის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე მიწვეულმა ბიზნესმენებმა მთავრობის პოზიციებს სრულად დაეთანხმნენ. შეხვედრებში მონაწილეობდნენ როგორც ივანიშვილის პარტიის შემომწირველები, ისე კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობენ.

წყარო