„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის დის ქმარი, პაატა აბულაძე კიდევ ერთხელ ჩავიდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდა. ის უარყოფს ცნობას, რომლის თანახმადაც შეხვედრებს „ქართული ოცნების“ სახელით მართავს.
აბულაძე დონეცკში იმყოფება თანამოაზრეებთან, პრო-რუსული პოლიტიკური პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ ლიდერებთან ერთად. პარტიის ლიდერი საქართველოს დამოუკიდებლობას „შეცდომად“ მიიჩნევს და რუსეთთან „მეორე გეორგიევსკის“ გაფორმებას ითხოვს.
ვინ ვის შეხვდა
აბულაძე და სხვები შეხვდნენ ოკუპირებული დონეცკის ე.წ. „სახალხო რესპუბლიკის“ მეთაურს, დენის პუშილინს. ინფორმაცია თავად პუშილინმა გამოქვეყნა „ტელეგრამზე“.
„შევხვდი საქართველოდან ჩამოსულ თანამოაზრეებს“, – დაწერა პუშიილნმა და ჩამოთვალა ეს „თანამოაზრეები“:
- პაატა აბულაძე, – რომელიც მოხსენიებული ჰყავს, როგორც „პარტია „ქართული ოცნების“ წევრი, პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი“;
- მამუკა ფიფია, – პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, საერთაშორისო მდივანი;
- ნიკოლოზ მჟავანაძე, – პრორუსული ტელეარხი „სეზონი ტვ-ის“ დამფუძნებელი;
- გიორგი ირემაძე, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.