იტალიაში რუსი დირიჟორის, პუტინის ახლო მეგობრისა და მხარდამჭერის, ვალერი გერგიევის კონცერტი გააუქმეს, რომელიც 27 ივლისს კაზერტის სამეფო სასახლეში უნდა ჩატარებულიყო.
საზოგადოების მხრიდან კრიტიკული რეაქციისა და გამოთქმული პროტესტის შემდეგ კაზერტის სამეფო სასახლემ გერგიევის კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებია.
გაუქმებამდე 16 000-ზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა, აქტივისტებმა და ნობელის ლაურეატებმა, ხელი მოაწერა კამპანიის რეგიონის პრეზიდენტის, ვინჩენზო დე ლუკასა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მისამართით დაწერილ წერილს, რომელიც გერგიევის კონცერტის გაუქმებისკენ მოუწოდებდა.
კონცერტი გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ქვრივმაც, იულია ნავალნაიამაც გააკრიტიკა და გერგიევს პუტინის “თანამონაწილე” უწოდა.
მოგვიანებით, ნავალნაიამ X-ზე დაწერა, რომ გაუქმება “კარგი ამბავია, სასიხარულო არა, მაგრამ კარგი. არცერთ ხელოვანს, რომელიც რუსეთში ახლანდელ დიქტატურას მხარს უჭერს, ევროპაში არ უნდა გაუმასპინძლდნენ”.
იტალიის კულტურის მინისტრმა, ალესანდრო ჯიული ორგანიზატორების “თავისუფალ და უდავო” გადაწყვეტილებას მიესალმა და თქვა, რომ “ხელოვნება თავისუფალია და მისი ცენზურა დაუშვებელია”, თუმცა “პროპაგანდა, თუნდაც ნიჭიერად შესრულებული, საერთოდ სხვა რამ არის”.
“ღონისძიების განსაკუთრებული არტისტული ღირებულების პატივისცემის მიუხედავად, გაუქმების გადაწყვეტილება […] საღი აზრისა და მორალური ვალდებულების ლოგიკას ემორჩილება, რომელიც თავისუფალი სამყაროს ღირებულებების დაცვისკენ არის მიმართული”. – თქვა ჯიულიმ.
დე ლუკამ კი კონცერტის ჩატარება დაიცვა და თქვა, რომ “გარიყვის ლოგიკა […] მშვიდობას არ ეხმარება”.
იტალიაში რუსეთის ელჩმა, ალექსეი პარამონოვმა მიუთითა, რომ იტალია პროუკრაინულ “ლობის” დამორჩილდა.
“ისინი, ვისაც ჰგონიათ, რომ გერგიევის კონცერტის გაუქმება რუსეთს დააზიანებს, ღრმად ცდებიან”. – წერს პარამონოვი Facebook-ზე.
გერგიევმა რუსულ სამთავრობო მედიასთან, ТАСС-თან საუბრისას თქვა, რომ გაუქმების გადაწყვეტილებაზე შეტყობინება არ მიუღია. მისი მტკიცებით, “ასეთი ინფორმაცია არ აქვს”.
ეს ღონისძიება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპაში პირველი კონცერტი იქნებოდა, რომელსაც გერგიევი უდირიჟორებდა.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გერგიევი ვენის ორკესტრის დირიჟორობიდან გაათავისუფლეს.
გერგიევი ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია. გერგიევმა ხელი მოაწერა წერილს, რომლითაც მხარი დაუჭირა მისი ქვეყნის მიერ ყირიმის ანექსიას. მხარში დაუდგა პუტინის პოლიტიკას 2008 წელს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დროსაც.