მედია: ისრაელმა ირანში იარაღის საწარმოებთან მცხოვრებ მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდა

ისრაელის სამხედრო ძალებმა ირანში იარაღის წარმოების ობიექტებთან მცხოვრებ მოქალაქეებს „სასწრაფო“ ევაკუაციის გაფრთხილება გაუგზავნეს — რაც შესაძლოა მიანიშნებდეს მოსალოდნელ ახალ იერიშებზე.

ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. 

„თქვენი უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვოთ ამ ობიექტების ტერიტორია და არ დაბრუნდეთ შემდგომ შეტყობინებამდე. ამ ტერიტორიების სიახლოვეს ყოფნა საფრთხეს უქმნის თქვენს სიცოცხლეს“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ავიჩაი ადრაეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით, გაფრთხილება ასევე ვრცელდება იმ ობიექტების მახლობლად მდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც ირანში იარაღის წარმოებას უწყობენ ხელს.

შაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „დაარტყამს აიათოლას რეჟიმის ყველა ობიექტს და სამიზნეს.“ ირანი კი პასუხად აცხადებს, რომ თუ იერიშებს გააგრძელებს, ის თავდასხმებს გაამკაცრებს.