ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა განკარგულებას №1607, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი რაგბის კავშირის ვალების დასაფარად გადაირიცხება. რაგბის კავშირის გამგეობის წევრი არის თავად “ოცნების” პრემიერმინისტრის მამა გიორგი კობახიძე, რაც ივანიშვილის გუნდში ნეპოტიზმისა და ინტერესთა კონფლიქტის ეჭვებს აჩენს.
დოკუმენტში წერია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში რაგბის კავშირს დაუგროვდა 10-მილიონიანი დავალიანება, რომლის დაფარვა სპორტის სამინისტროს ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილა. თუმცა ახლა, კობახიძის განკარგულებით, ეს თანხა მაინც გამოიყო.
კობახიძე ამ ნაბიჯს ამართლებს არგუმენტით, რომ „თუ ფული არ გადაირიცხებოდა, რაგბის კავშირი დაიხურებოდა“.
თუმცა, ჩნდება კითხვა – თუ ხელისუფლებამ იცოდა, რომ 2023 წლიდან კავშირში ვალები გროვდებოდა, რატომ არ რეაგირა მანამდე?
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი აცხადებს, რომ პრობლემები კავშირში დიდი ხანია არსებობს, ორგანიზაცია ნეპოტიზმით იმართება და „ქართული ოცნების დანამატად“ არის ქცეული.
მისი თქმით, გია კობახიძის როლის გარეშე ბიუჯეტიდან 10 მილიონი ასე მარტივად ვერ გამოეყოფოდა.