თორნიკე რიჟვაძეს არც მოსვლას ეკითხებოდა ვინმე და არც წასვლას. უთხრეს, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა და სხვა არჩევანი არ ჰქონდა. არ ვფიქრობ, რომ ვინც რიჟვაძეს ჩაანაცვლებს, მენეჯმენტში დაეხმარება „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
- როგორც იაგო კაჭკაჭიშვილმა თორნიკე რიჟვაძის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებაზე საუბრისას აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს სურს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება მუშაობს და ცვლილებები ხორციელდება.
“ეს მისი გადაწყვეტილება არ არის. ეს გადაწყვეტილება მიაღებინეს, უთხრეს, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა და სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს სურს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება მუშაობს, ცვლილებები ხორციელდება ვითარების გასაუმჯობესებლად. ბოლო თვეებია, „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა სადამსჯელო ხელისუფლებად, სტრუქტურად, რომელიც მხოლოდ ბრუტალურ კანონებს გამოსცემს, აპატიმრებს, სჯის, აჯარიმებს. ქვეყანაში არაფერი ხდება ნეგატიური მოვლენების გარდა. არ ვფიქრობ, რომ ვინც რიჟვაძეს ჩაანაცვლებს, მენეჯმენტში დაეხმარება „ქართულ ოცნებას“,- აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.
რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რიჟვაძეს თბილისის პოლიციის უფროსი, სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც სანქცირებულია, იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ჯიბრში უდგას დასავლეთს, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ ავტორიტარიზმის აღზევებას და გაძლიერებას აკრიტიკებს.