მედია: „თივასთან ღვივის ნაპერწკალი. ეს ნერვების ომიცაა“ – ინტერვიუ „ოცნების“ პოლიტიკაზე

„ასეთი სიტუაციაა დაახლოებით, რომ წარმოვიდგინოთ: თივა და იქვე ღვივის ნაპერწკალი. ეს ნაპერწკალი პოტენციურად საკმარისია იმისთვის, რომ ხანძარი გაჩნდეს, მაგრამ ცეცხლი გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ რაღაც მოხდება, მაგალითად, სიო დაუბერავს. რა შეიძლება იყოს სიოს გამომწვევი ფაქტორი, არავინ იცის.

ეს შეიძლება იყოს, როგორც საგარეო ფაქტორი, მაგალითად, უკრაინის ომის დამთავრება და მისი შედეგები ან საშინაო მოულოდნელი მოვლენა ან შემთხვევა, რომელიც არ იყო გათვალისწინებული. „ოცნებაშიც“ კარგად იციან, რომ მოულოდნელობის ფაქტორები ყოველთვის არსებობს პოლიტიკაში და ამიტომაც ბოლომდე ვერ გრძნობენ თავს კომფორტულად,“ – ამბობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ რეჟიმის მორიგ გადაწყვეტილებაზე: „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით სამი პოლიტიკური ძალის აკრძალვას ითხოვს.

  • ბატონო კორნელი, რა ეტაპზე გადადის „ოცნების“ რეჟიმი ოპოზიციური პარტიების აკრძალვით? 

ფაქტობრივად, საქართველო შედის პოსტკონსტიტუციურ მდგომარეობაში, როდესაც უკვე კონსტიტუციას და ქვეყნის ძირითად კანონებს არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება, ისევე, როგორც კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და სხვა დემოკრატიულ ღირებულებებს. ძალაუფლებაში მყოფი გუნდი ცდილობს, ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია მოახდინოს ბოლომდე.

შეიძლება, იმის სურვილიც ჰქონდეთ, რომ  დიქტატურული რეჟიმი დაამყარონ, თუ ხალხის ნება არ შეეწინააღმდეგება.

საქართველო უერთდება იმ ავტორიტარული ქვეყნების რიგს, სადაც ერთპარტიული სისტემაა, თუმცა ჩვენთან უფრო ოლიგარქიული სისტემაა, რომელიც ერთ არაანგარიშვალდებულ პიროვნებას ემორჩილება.

მთელი სახელმწიფო აპარატი და მთელი პარტია ერთი ადამიანის პირად ინტერესებზეა მორგებული, რომელსაც საზოგადოებას ეროვნულ ინტერესად, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟს, სუვერენიტეტის განმტკიცებად ასაღებენ.

აქამდეც იყო დიდი ნაპრალები ჩვენსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის, „ოცნების“ ანტიდემოკრატიული პოლიტიკიდან გამომდინარე, რამაც სერიოზულად დააზიანა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი. ახლა ეს ნაპრალი კიდევ უფრო იზრდება, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება.

რეპრესიული კანონების მიღებით კიდევ უფრო ვშორდებით დასავლეთს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა შეუქცევადად მიდის თვითიზოლაციისკენ.

  • თქვენი დაკვირვებით, რატომ დასჭირდება „ოცნებას“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა? ვგულისხმობ იმას, რომ დიქტატურაში არჩევნებს მაინც არ აქვს აზრი, ოპოზიციონერი ლიდერები ციხეში არიან, პოლიტიკურ აქტიურობას კი, ივანიშვილი პარტიის აკრძალვით ვერ შეაჩერებს…

„ქართული ოცნება“ ცდილობს მთლიანად გაანადგუროს ოპოზიციური სპექტრი და ზოგადად განსხვავებული აზრი, რომ მას პოლიტიკურ ველზე მომავალში არ ჰყავდეს სერიოზული მოწინააღმდეგე.

თუ სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია არ იქნება, ოპოზიციური პარტიები აიკრძალება, არ არის გამორიცხული, „ოცნებამ“, რომელსაც, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ლეგიტიმურობის სერიოზული პრობლემა აქვს, მომავალ წელს ჩაატაროს საპარლამენტო იმისათვის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღოს და შემდეგ უკვე საბოლოოდ გაიფორმოს სახელმწიფოს მიტაცება ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე.

ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ამას წინ არ აღუდგება.

ვრცლად