4 ოქტომბერს, თვითმმართველობა 2025-ზე, პროსახელისუფლებო მედიების მიერ “ფრანგ დამკვირვებლად” წარდგენილი ფრანკ ივონ პენგამი რუსული პროპაგანდის სახე და პროკრემლისტური ნარატივების აქტიური გამავრცელებელია.
აღსანიშნავია, რომ ფრანკ პენგამი შეყვანილია “ყალბი დამკვირვებლების” მონაცემთა ბაზაშიც. როგორც ცნობილია, მას არჩევნებზე “დამკვირვებლის” როლი ჯერჯერობით მხოლოდ რუსეთსა და საქართველოში აქვს შესრულებული.
2024 წელს პენგამი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლად მიიწვიეს. საარჩევნო პროცესზე კომენტარის გაკეთებისას იგი ირწმუნებოდა, რომ რუსეთში არჩევნები “უმაღლეს დონეზე” ჩატარდა.
“მეც კი გავოცდი ვლადიმირ პუტინის გამაოგნებელი გამარჯვებით. ჩვენ ოდნავ დაბალ პროცენტს ველოდებოდით – შედეგი კი, რა თქმა უნდა, ბრწყინვალე იყო.” – ამბობდა პენგამი.
“ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინის პოპულარობასა და რუსეთის მოსახლეობაში მის მაღალ რეიტინგს.” – ამტკიცებდა ის 2024 წლის მარტში.
“ყალბი დამკვირვებლის” გარდა პენგამი ასევე Géopolitique Profonde-ის ანალიტიკოსიცაა. აღნიშნული პლატფორმა შეთქმულების თეორიებისა და პრორუსული/ანტიდასავლური ნარატივების გამავრცელებელ მედიად ითვლება.
პენგამი ასევე არაერთხელ იყო სტუმრად მიწვეული რუსეთის სახელმწიფო სააგენტო Russia Today-ს გადაცემებში. მან RT-ისთვის რეპორტაჟიც მოამზადა, რის ფარგლებშიც მოინახულა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები და ამტკიცებდა, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობა “რუსეთისადმი მადლიერია”