ვახტანგ გომელაურმა თბილისის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი ჩააბარა კაცს, რომელსაც 2012 წელს “ქართული ოცნება” ზონდერად აცხადებდა და მის გადადგომას ითხოვდა. თბილისში გურიის პოლიციის დეპარტამენტიდან ლაშა გოგნიაშვილი 10 დღის წინ გადმოიყვანეს. მან პოსტზე პროევროპული აქციის მონაწილეებზე ძალადობის გამო სანქცირებული სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლა. მისი
პირველი სამუშაო დღეც აქციაზე დაიწყო. თბილისის პოლიციის ახალი შეფი დემონსტრანტებს ჩიტაძის ქუჩიდან აკონტროლებდა, თუმცა როგორც კი მისი გადაღება “შაბათის ეთერმა” დაიწყო დაიმალა.
ლაშა გოგნიაშვილი საზოგადოებას, როგორც “ზონდერი” და “გამყალბებელი” 2012 წელს თავად „ქართულმა ოცნებამ“ გააცნო. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ბერუაშვილი ლაშა გოგნიაშვილს პოლიტიკურ დევნასა და იარაღის ჩადების მცდელობაში ღიად ადანაშაულებდა.
საჯარო წყაროებში 20212 წელს სოზარ საუბრის მიერ გაკეთებული განცხადებაც იძებნება, როდესაც „ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისიდან ის გოგნიაშვილის გადადგომას ითხოვდა. აქტივისტებისთვის იარაღის ჩადების მცდელობის გარდა “ქართული ოცნების” ლიდერები ლაშა გოგნიაშვილის მიერ მათთვის მოწყობილ ტერორზე განცხადებებს 2012 წელს ერთმანეთის მიყოლებით აკეთებდნენ.
2012 წელს ტერორზე საუბრობდა ლერი ხაბელოვიც. “ქართული ოცნების” დეპუტატი იმ დროინდელ მოვლენებს ახლაც სიამოვნებით იხსენებს, თუმცა “შაბათის ეთერთან” განწყობა და რიტორიკა მას შემდეგ შეეცვალა, რაც სატელევიზიო არქივიდან მისი ინტერვიუს ისმენს. ჩანაწერში ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლაშა გოგნიაშვილზე საუბრობს და თბილისის პოლიციის ახალ შეფს აქტივისტების დევნაში ამხელს. დღეს ხაბელოვი ვერ უარყოფს, რომ თბილისის პოლიციის უფროსი “ოცნების” აქტივისტებს ატერორებდა, მაგრამ გვარწმუნებს, რომ ხლა გამოსწორდა და დედაქალის პოლიციის შეფის პოსტიც დაიმსახურა.
როგორ აღმოჩნდა მაღალ თანამდებობაზე პოლიციელი, რომელსაც ძალადობაში და პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებდა, პასუხი არ აქვს არც სოზარ საუბარს, ის “შაბათის ეთერს” არ შეხვდა.